თბილისი, 24 ოქტომბერი – Sputnik. ციხეში იმიტირებული ბუნტის დროს საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ლიკვიდაცია იგეგმება, ასეთი განცხადება გააკეთა ოპოზიციური ტელეარხ „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა, სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ.
„ჩვენი ინფორმაციით, ციხის საავადმყოფოში გადაყვანა იქნება პირდაპირ უსაფრთხოების პრობლემების შემცველი და ეს მოხდება ქვეყნის დღევანდელი ხელისუფლების მიერ. იქნება ე.წ. იმიტირებული ბუნტი, რომელიც დასრულდება მიხეილ სააკაშვილის ლიკვიდაციით“, - განაცხადა გვარამიამ თავისი არხის პირდაპირ ეთერში.
მისი თქმით, ციხის საავადმყოფოში უკვე გადაიყვანეს რამდენიმე პატიმარი, რომლებიც ბუნტის ინიციატორები უნდა გახდნენ,
ადვოკატი ხელისუფლებას მოუწოდებს, უახლოეს საათებში გადაწყვიტოს ექს-პრეზიდენტის ჰოსპიტალიზაციის საკითხი მრავალპროფილურ კლინიკაში, სადაც სააკაშვილის უსაფრთხოება იქნება დაცული.
გვარამიას თქმით, შიმშილობის 24-ე დღეს არ არის გამორიცხული გულის გაჩერება.
„გარდა ამისა, ყველაზე მაღალი რისკი რაც ახლა ემუქრება სააკაშვილს, არის გულის გაჩერების რისკი. შესაბამისად, ამ ციხის ე.წ. საავადმყოფოში უნდა იყოს კარდიოლოგიური სერვისის მეორე დონე. კერძოდ, ინტერვენციული კარდიოლოგია, ანგიოკარდიოლოგიური ლაბორატორია, ენდოკარდიული პეისმეიკერის იმპლანტი, იმპლანტაციის შესაძლებლობა და კათეტერალური აბლაცია, სტენოკარდიოლი და თრმობოზული გართულებების მართვა - ეს ამ კლინიკაში არის შეუძლებელი“, - განაცხადა გვარამიამ.
მან მიმართა სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას თხოვნით, მონაწილეობა მიიღოს სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის პროცესში. ის ასევე ელოდება ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებას.
მანამდე ტიკარაძემ განმარტა, რომ ციხის საავადმყოფოში ექს-პრეზიდენტის სამკურნალოდ ყველა პირობა არსებობს, ამიტომ მისი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის აუცილებლობა არ დგას..
მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს დააკავეს. იგი რამდენიმე სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტია, თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს და რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში პროტესტის ნიშნად 24–ე დღეა შიმშილობს. პარასკევს მას სისხლის გადასხმა გაუკეთდა, რადგან სისხლის ერთ-ერთი პარამეტრი გაუარესდა. 19 ოქტომბერს ექიმების კონსილიუმმა მისი საავადმყოფოში გადაყვანის რეკომენდაცია გასცა. იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტის ჰოსპიტალიზაცია გლდანის ციხეში არსებულ №18 სამკურნალო დაწესებულებაში მოხდება.
საქართველოში ექს-პრეზიდენტის წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, მათგან ორ საქმეზე განაჩენი გამოტანილია, დანარჩენი საქმეები კი სასამართლო განხილვის სტადიაშია.