ტიკარაძე: ყველაფერი გაკეთდება სააკაშვილის ჯანმრთელობის და ინტერესების სასარგებლოდ

გასულ კვირას ექიმების კონსილიუმმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საავადმყოფოში გადაყვანის რეკომენდაცია გასცა, თუმცა სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანის წინააღმდეგია.
Sputnik
თბილისი, 23 ოქტომბერი – Sputnik. ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, გლდანის ციხის საავადმყოფოს გააჩნია ყველანაირი საშუალება, რომ მიიღონ მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს დააკავეს. იგი რამდენიმე სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტია, თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს და რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში პროტესტის ნიშნად 23–ე დღეა შიმშილობს. 19 ოქტომბერს ექიმების კონსილიუმმა მისი საავადმყოფოში გადაყვანის რეკომენდაცია გასცა. იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტის ჰოსპიტალიზაცია გლდანის ციხეში არსებულ №18 სამკურნალო დაწესებულებაში მოხდება. თავად ექს-პრეზიდენტი გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანის წინააღმდეგია.
„ის სერვისები, რომლებიც პაციენტს ესაჭიროება, სრულად არის შეთავაზებული პენიტენციურის მხრიდან. მხოლოდ ეს გახლავთ მიზეზი, რომ მას შესთავაზეს მე-18 დაწესებულება და არა რომელიმე სხვა კლინიკა, ვინაიდან თვლიან, რომ უსაფრთხოების ზომები აქ მეტად იქნება დაცული და ყველაფერი გაკეთდება პაციენტის ჯანმრთელობის და ინტერესების სასარგებლოდ“, - აცხადებს ტიკარაძე.
ცოტა ხნის წინ რუსთავის სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებაში ექიმების მრავალპროფილური ჯგუფი და მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე მივიდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი, გადაიყვანენ თუ არა საქართველოს მესამე პრეზიდენტს სამედიცინო დაწესებულებაში.
მიხეილ სააკაშვილს ციხეში სისხლის გადასხმა გაუკეთდა
წუხელ მას სისხლის გადასხმა გაუკეთდა და მისი მდგომარეობა დასტაბილურდა.
მანამდე საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ სააკაშვილის იძულებითი ჰოსპიტალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ რეალური საფრთხის დროს, როდესაც ის თავად თანხმობას უკვე ვეღარ განაცხადებს.
ამასთან, სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში წინააღმდეგ გამოდიან ასევე მისი ადვოკატები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ამ შემთხვევაში ექს-პრეზიდენტი სხვა პატიმრებმა შეიძლება მოკლან.
იუსტიციის სამინისტროში მსგავს სცენარს გამორიცხავენ და პირობას დებენ, რომ უსაფრთხოებას ყველა ზომა დაცული იქნება.
სახეზე ვატყობ: ლიზა იასკო სააკაშვილის ჯანმრთელობაზე წუხს
მედიკოსების თქმით, სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკული არ არის და მისი ჰოსპიტალიზაცია საჭიროა მხოლოდ შიმშილობით გამოწვეული გართულებების პროფილაქტიკისთვის.
საქართველოში ექს-პრეზიდენტის წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, მათგან ორ საქმეზე განაჩენი გამოტანილია, დანარჩენი საქმეები კი სასამართლო განხილვის სტადიაშია.