COVID-19 - ბოლო ცნობები

„კიდევ თვეები იქნება ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი“: მედიკოსები ეპიდვითარებას აფასებენ

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 4.467-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 688.804-ს მიაღწია.
Sputnik
თბილისი, 23 ოქტომბერი – Sputnik. მედიკოსები ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის კიდევ უფრო დამძიმებას პროგნოზირებენ და მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ.
როგორც ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, ბოლო პერიოდში ვაქცინაციის მაჩვენებელი საგრძნობლად შემცირდა, რის გამოც შესაძლოა შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ქვეყანა კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდეს.
COVID-19 - ბოლო ცნობები
წამახალისებელმა ლატარიამ შედეგი ვერ გამოიღო: რა ახალ პაკეტზე მუშაობენ სპეციალისტები
„შესაძლოა სეზონური გრიპის ეპიდემია და ე.წ. ტვინდემია დაიწყოს. შეიძლება აღმოვჩნდეთ ძალიან სერიოზულ სიტუაციაში. ასეთი გაზრდილი შემთხვევების ფონზე და ასევე მომატებული სიკვდილიანობის ფონზე თუ რადიკალური ზომები არ მივიღეთ და არ გამოვფხიზლდით, ამ სიტუაციის შენარჩუნება დიდხანს ძნელი იქნება და გარდაცვალების რაოდენობა მოიმატებს," - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
მისი თქმით, პირადად ჯანდაცვის მინისტრი და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელობა დადიან კარდაკარ და მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ, მაგრამ ვაქცინაციის დღიური მაჩვენებელი მაინც ძალიან დაბალია და 4-5 ათასს არ აღემატება.
„თუ ასე გაგრძელდა, ისევ იძულებული გახდება სახელმწიფო, რომ შემოიღოს შეზღუდვები. ეს გამოიწვევს მოსახლეობის კეთილდღეობის შემცირებას. ასევე კატეგორიულად დაბალია პირბადის ტარების მაჩვენებელი. კატეგორიულად არ ამბობს უარს მოსახლეობა ხალხმრავალ შეკრებებზე და ამას დაემატა პოლიტიკური შეკრებები. მოსახლეობა უნდა გამოფხიზლდეს, უნდა შემოვბრუნდეთ ვაქცინაციისკენ“, - მოუწოდა ცერცვაძემ.
COVID-19 - ბოლო ცნობები
სპეციალისტები განგაშს ტეხენ – კლინიკები გადატვირთულია
ამასთან, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა, რომ აუცილებელია ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი გაიზარდოს. მისივე განმარტებით, წინააღმდეგ შემთხვევაში წლის ბოლოს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ძალიან დამძიმდება.
„ორჯერადად ვაქცინირებული მოსახლეობის 25-30% არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ინფექციის გავრცელება შევამციროთ. ასეთი მიდგომით და მოსახლეობის ასეთი დამოკიდებულებით, ჩვენ წლის ბოლოსთვის ძალიან გაგვიძნელდება 60%-იან ზღურბლთან მიახლოება, რაც ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ კიდევ თვეების განმავლობაში გვექნება ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი“, - განაცხადა ჩხაიძემ.
ქართველი სპეციალისტები განგაშს ტეხენ და აღნიშნავენ, რომ ქვეყანაში მკვეთრად შემცირდა ვაქცინაციის მაჩვენებელი. ამ დროისათვის სრულად, ორჯერადად აცრილია 921.000 ადამიანი, რაც ზრდასრული მოსახლეობის მხოლოდ 32,2%-ს შეადგენს. ეპიდემიოლოგების განცხადებით, პანდემიის დასამარცხებლად საჭიროა მოსახლეობის მინიმუმ 60–70%-ის აცრა.