მსოფლიო დღეს

ალეკ ბოლდუინის მიერ მოკლული ქალის მშობლებმა დამნაშავეების დასჯა მოითხოვეს

დაღუპულის მშობლები უახლოეს დროს აშშ-ში გაფრინდებიან, კინოსტუდია ოჯახის მხრიდან სარჩელს ელოდება
Sputnik
თბილისი, 23 ოქტომბერი – Sputnik. ცნობილი ამერიკელი მსახიობის, ალეკ ბოლდუინის მიერ ფილმ-ვესტერნის Rust გადაღების დროს პარასკევს მოკლული ოპერატორის, გალინა ჰატჩინსის მშობლები მათი ქალიშვილის დაღუპვაში დამნაშავეების დასჯას მოითხოვენ, იუწყება გაზეთი The Sun.
როგორც ოჯახის მეგობრებმა გამოცემას უამბეს, დედ-მამამ გალინას გარდაცვალების შესახებ მისი მეუღლისგან, მეთიუსგან შეიტყვეს.
„ისინი გლოვობენ, მაგრამ ამავე დროს კითხვებზე პასუხების მიღება სურთ. თუ ვიღაცამ შეცდომა დაუშვა, ის უნდა დაისაჯოს“, - აცხადებს ჰატჩინსის ერთ-ერთი მეგობარი.
მისი თქმით, გარდაცვლილის მშობლები უახლოეს დროს აშშ-ში გაფრინდებიან. აღსანიშნავია, რომ მოკლული გალინა ჰატჩინსი უკრაინის მოქალაქეა.
ბოლდუინის პირველი ფოტო გადაღებაზე სასიკვდილო ინციდენტის შემდეგ
მედიის მონაცემებით, კინოსტუდიაში ელოდებიან სარჩელს დაღუპულის ოჯახის მხრიდან, თუ გაირკვა, რომ მისი გარდაცვალების თავიდან აცილება შესაძლებელი იყო.
რაც შეეხება გამოძიებას, Bonanza Creek Ranch-ის რანჩოზე, სადაც გადაღებები მიმდინარეობდა, ამ უქმეებზე ჩხრეკა ჩატარდება. ამის შესახებ სანტა-ფეს შერიფმა ხუან რიოსის წარმომადგენელმა განაცხადა.
გარდა ამისა, ფილმის რეჟისორის ასისტენტმა პოლიციისთვის მიცემული ჩვენებისას განაცხადა, რომ არ იცოდა, რომ პისტოლეტი, საიდანაც ბოლდუინმა ისროლა, საბრძოლო ტყვიებით იყო დატენილი და მას მსახიობისთვის ნათქვამი ჰქონდა, რომ პისტოლეტში საბრძოლო ტყვიები არ იყო. ამის შესახებ წერს New York Times.
თავად ალეკ ბოლდუინმა პარასკევს ღამით თავის Instagram-აკაუნტში დაწერა, რომ სრულად თანამშრომლობს პოლიციასთან ინციდენტის გამოძიებაში, ინარჩუნებს კონტაქტს დაღუპულის ოჯახთან და მათ თავის მხარდაჭერას სთავაზობს.
მანამდე მან ღრმა მწუხარება გამოხატა ტრაგიკული ინციდენტის გამო.
„სიტყვები არ მყოფნის, რომ გამოვთქვა ჩემი შოკი და მწუხარება ტრაგიკული შემთხვევის გამო, რომლის შედეგად დაიღუპა გალინა ჰატჩინსი - მეუღლე, დედა და ჩვენი ღრმად პატივსაცემი კოლეგა“, - დაწერა მსახიობმა.
ბოლდუინმა ფილმ-ვესტერნის Rust გადაღების დროს გადამღები ჯგუფის წევრებს ესროლა, რის შედეგადაც დაიღუპა 42 წლის ოპერატორი გალინა ჰატჩინსი, ხოლო რეჟისორი დაიჭრა (ტყვია ლავიწის ძვალში მოხვდა).
იარაღი, რომლითაც ბოლდუინმა გაისროლა, წესით, ფუჭი ტყვიებით უნდა ყოფილიყო დატენილი. სამართალდამცველ ორგანოებში განაცხადეს, რომ მსახიობისთვის ბრალი ჯერ არ წაუყენებიათ.