თბილისი, 22 ოქტომბერი – Sputnik. თბილისში ერთ-ერთი მშენებარე კორპუსის ლიფტის შახტში 20 წლის მუშა მერვე სართულის სიმაღლიდან ჩავარდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
შემთხვევა დღეს თბილისში, დიდ დიღომში, სამშენებლო კომპანია „გალაქსი კონტრაქშენის" მშენებარე ობიექტზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი კორპუსის მერვე სართულზე იყო, რა დროსაც შატხში ჩავარდა.
როგორც სამშენებლო კომპანიაში ამტკიცებენ, ობიექტზე უსაფრთხოების ნორმები სრულად არის დაცული.
„არანაირი უსაფრთხოების ნორმების დარღვევა არ ყოფილა ჩვენთან. როგორც ჩანს, ლამინატის ქვეშ კოჭი ყოფილა დაზიანებული და ჩაუტყდა“, – განაცხადა სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელმა.
დაშავებული მამაკაცი ღუდუშაურის სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ექიმების განცხადებით, მამაკაცი კლინიკაში მრავლობითი დაზიანებებით შეიყვანეს, თუმცა ქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 240-ე მუხლით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.