რუსთავის ციხესთან რეანიმობილი მივიდა: როდის მოხდება სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია

სამშაბათს ექიმების კონსილიუმმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საავადმყოფოში გადაყვანის რეკომენდაცია გასცა.
Sputnik
თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჰოსპიტალიზაციაზე არის თანახმა, მაგრამ პრობლემაა – სად და როდის მოხდება მისი გადაყვანა სამედიცინო დაწესებულებაში, განაცხადა სააკაშვილის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ, რომელმაც იგი პენიტენციური დაწესებულებაში გუშინ, საღამოს მოინახულა.
გუშინვე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ აუცილებლობის შემთხვევაში ექს-პრეზიდენტ სააკაშვილს სპეციალური პენიტენციური სამსახურის №18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანენ, სადაც იგი იზოლირებული იქნება.
სააკაშვილმა ციხის შინაგანაწესი დაარღვია: პენიტენციური სამსახურის განმარტება
მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს დააკავეს. იგი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში პროტესტის ნიშნად 22-ე დღეა შიმშილობს. ექიმების კონსილიუმმა სამშაბათს მისი საავადმყოფოში გადაყვანის რეკომენდაცია გასცა. მედიკოსების თქმით, ექს-პრეზიდენტის მდგომარეობა კრიტიკული არაა, მისი ჰოსპიტალიზაცია კი შიმშილობით გამოწვეული გართულებების პროფილაქტიკისთვისაა საჭირო.
თავად ექს-პრეზიდენტი გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანის წინააღმდეგია.

„ჯანმრთელობის მდგომარეობის მხრივ რაღაც ასპექტში შედარებით უკეთესი მდგომარეობაა, რაღაც გაუარესდა... მის ჰოსპიტალიზაციაზე, ალბათ, უკვე ხვალ შეიძლება ვიფიქროთ. გლდანში გადაყვანაზე მთელი რიგი პრობლემებია. პირველ რიგში ეს არის უსაფრთხოება. ექსპერტები თვლიან, რომ ეს უსაფრთხო გარემო არ იქნება მისთვის“, – განუცხადა ჟურნალისტებს ყიფშიძემ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ.

ყიფშიძის თქმით, რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებასთან უკვე მიყვანილია რეანიმობილი, რათა საჭიროების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მოხდეს სააკაშვილისთვის პირველადი დახმარების აღმოჩენა.
გადაწყვეტილებას მიხეილ სააკაშვილის შესაძლო ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, დღეს, პარასკევს მიიღებენ.
მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში არალეგალურად 29 სექტემბერს ჩამოვიდა, ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.
საქართველოში ექს-პრეზიდენტის წინააღმდეგ რიგი სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული და ამ დროისათვის ის ორი განაჩენის საფუძველზე რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული. სააკაშვილი საკუთარ თავს პოლიტპატიმარს უწოდებს და გათავისუფლების მოთხოვნით შიმშილობს.