თბილისი, 22 ოქტომბერი – Sputnik. ძალიან განვიცდი, რომ ის ციხის კედლებს მიღმა იმყოფება, ასეთი ადამიანები არ არიან შექმნილი იმისთვის, რომ ციხეში ისხდნენ, ის უნდა იყოს თავისუფალი, განაცხადა უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატმა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მეგობარმა ქალმა ელიზავეტა იასკომ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში სააკაშვილის მონახულების შემდეგ.
იასკოს განცხადებით, მისი მიზანია – სააკაშვილს პიროვნულად დაეხმაროს და გადასცეს უკრაინის მხარდაჭერა.
„სამწუხაროდ, ვხედავ, როგორ უარესდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ეს ჩანს როგორც მის სახეზე, ასევე საუბრითა და ენერგიით. რა თქმა უნდა, ის მორალურად მხნედ არის, რადგან განსაკუთრებული ადამიანი, მებრძოლი და მსოფლიო დონის პოლიტიკოსია, როგორებიც 100 წელიწადში ერთხელ იბადებიან. ის დაპატიმრებულია საქართველოში და მისი სიცოცხლე სერიოზული საფრთხის ქვეშ დგას. არ ვიცი როგორ მდგომარეობაში იქნება, როდესაც შემდეგ ჯერზე ვნახავ”, – აღნიშნა ლიზა იასკომ.
უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატის განცხადებით, ის მუდმივ კავშირზეა უკრაინულ მხარესთან.
„ვაწარმოებთ მუდმივ მონიტორინგს და ძალიან გვინდა, რომ სააკაშვილი იყოს უკრაინაში“, – განაცხადა იასკომ.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც კიევიდან სამშობლოში არალეგალურად 29 სექტემბერს ჩამოვიდა, თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. რუსთავის №12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანისთანავე სააკაშვილმა შიმშილობა დაიწყო.
საქართველოში სააკაშვილის წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, მათგან ორ საქმეზე განაჩენი გამოტანილია, დანარჩენი საქმეები კი სასამართლო განხილვის სტადიაშია.
სააკაშვილი უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელია და უკრაინის მოქალაქე. უფრო ადრე უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ის პირადად და ქვეყნის ხელისუფლება იზრუნებს სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებაზე. ქართული მხარე აცხადებს, რომ სააკაშვილის ექსტრადიციის საკითხი არ განიხილება.