COVID-19 - ბოლო ცნობები

კორონავირუსი სკოლებში: დისტანციურ სწავლებაზე 219 სკოლა გადავიდა

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კვლავ მოუწოდებს სასკოლო საზოგადოებას, მაქსიმალურად დაიცვან ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციები და აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციაში.
Sputnik
თბილისი, 22 ოქტომბერი – Sputnik. ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის გავრცელების გამო დისტანციურ სწავლებაზე 219 სკოლა და 493 ცალკეული კლასი გადავიდა, ნათქვამია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ინფორმაციით, სასწავლო დაწესებულებებში ინფექციის შიდა გავრცელება მართვადია და დროული რეაგირების გამო სკოლებში შიდა გავრცელების შემთხვევა ამ დრომდე არ გამოვლენილა.

„რაც შეეხება ინფიცირების მაჩვენებელს, ბოლო კვირის მონაცემებით, ვირუსი დაუდასტურდა მასწავლებლების 1,1%-ს, ხოლო მოსწავლეების – 0,5%-ს, რაც წინა კვირის მაჩვენებელთან შედარებით შემცირებულია“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, ამ ეტაპისთვის აცრილია მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის 69,3%.
ამასთან, სწავლის სასკოლო სივრცეში განახლებიდან დღემდე საქართველოს მასშტაბით დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება რისკ-ჯგუფში მყოფი 89 მასწავლებელი.
COVID-19 - ბოლო ცნობები
განათლების სამინისტრო: სკოლების დახურვა გამოსავალი არაა
„სკოლებში უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით აქტიურად მიმდინარეობს COVID-19-ზე მასწავლებელთა ტესტირება. COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ორი დოზით ვაქცინირებული სკოლის პერსონალი ყოველ 14 დღეში ერთხელ PCR მეთოდით იტესტება, ხოლო არასრულად ვაქცინირებული ან აუცრელი პირები – ყოველ 7 დღეში ერთხელ ანტიგენის სწრაფი ტესტით“, – აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.
სამინისტროს ინფორმაციით, სკოლები სრულად არიან აღჭურვილი პანდემიის პრევენციისათვის საჭირო ყველა საშუალებით. ამასთან, განათლების სამინისტრო მოუწოდებს სკოლებს, დაიცვან ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციები და ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში.
საქართველოში ახალი სასწავლო წელი 15 სექტემბერს დისტანციური სწავლებით დაიწყო, საკლასო ოთახებს მოსწავლეები 4 ოქტომბრიდან დაუბრუნდნენ.
COVID-19 - ბოლო ცნობები
სავალდებულო ვაქცინაცია და შეზღუდვები აუცრელებისთვის: პაატა იმნაძის მოსაზრება
სკოლებში სასწავლო პროცესის განახლებასთან ერთად გამკაცრდა ვირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებები. კვლავ გრძელდება პედაგოგების, ადმინისტრაციის წარმომადგენლების, ტექპერსონალისა და მანდატურების კორონავირუსზე ტესტირება. სასწავლო დაწესებულებები აღჭურვილია სადეზინფექციო საშუალებებით, ბავშვებისთვის უსაფრთხო სასწავლო გარემოს შექმნის მიზნით მკაცრად ხდება ყველა კოვიდ-რეგულაციის დაცვა. თუმცა, კორონავირუსის შემთხვევებისგან თავის დაღწევა სრულად ვერ ხერხდება, რის გამოც მთლიანი სკოლა ან კონკრეტული კლასი ონლაინ–სწავლების ფორმატზე გადადის.