თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. გრიპისა და კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების ერთდროულად გამოყენება, ჩატარებული კვლევების შედეგების თანახმად, უსაფრთხოა, განაცხადა ჯანმოს განსაკუთრებით საშიშ ინფექციურ დაავადებათა დეპარტამენტის დირექტორმა სილვი ბრიანმა.
ბრიანმა, რომელიც სოციალური ქსელებით ტრანსლირებულ პროგრამაში „მეცნიერება ხუთ წუთში“ იღებდა მონაწილეობას, შეკითხვაზე, უსაფრთხოა თუ არა გრიპსა და კორონავირუსზე ერთდროული ვაქცინაცია, დადებითად უპასუხა.
„არსებობს რამდენიმე კვლევა, რომლებმაც აჩვენეს, რომ ორი ვაქცინის ერთდროული გამოყენება უსაფრთხოა. თუმცა, რაღა თქმა უნდა, მანამდე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია“, — აღნიშნა მან.
შეკითხვაზე, როგორ უნდა გაარჩიოს დაავადებულმა ადამიანმა, გრიპი აქვს თუ COVID-19, ბრიანმა განმარტა, რომ გრიპის ჩვეული სიმპტომებია – ცხელება, თავისა და კუნთების ტკივილი, სურდო და ხველება.
„COVID-19 ძირითადად იგივე სიმპტომებით ვლინდება, თუმცა მათ ემატება სუნისა და გემოს არარსებობა. გარდა ამისა, ბევრი ადამიანი, განსაკუთრებით ახალგაზრდები, COVID-19-ის შემთხვევაში დამატებით სპეციფიკურ სიმპტომებსაც აწყდებიან“, — განაცხადა ჯანმოს წარმომადგენელმა.
ბრიანმა ხაზი გაუსვა, რომ პრევენციული ზომები, ანუ ვაქცინაცია ორივე დაავადების შემთხვევაში მუშაობს.