COVID-19 - ბოლო ცნობები

გახდება თუ არა COVID19-ზე ტესტირება ფასიანი: ცერცვაძის განმარტება

საქართველოში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 4.155 შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 684.337-ს მიაღწია. გარდაიცვალა 40 ადამიანი.
Sputnik
თბილისი, 22 ოქტომბერი – Sputnik. კორონავირუსის სწრაფი და PCR–ტესტირება ფასიანი ჯერ არ გახდება, თუმცა, შესაძლოა, მოგვიანებით ვითარება შეიცვალოს, განაცხადა თბილისის ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.
თენგიზ ცერცვაძემ ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მძიმე ეპიდვითარების ფონზე ვაქცინაციის დაბალი ტემპი კატასტროფაა.

„ბოლო ხუთი დღეა ვაქცინირებულთა რაოდენობა დღიურად არის 4-5 ათასი, რაც არის კატასტროფა. აქედანაც ძირითადად მეორადი აცრებია. ეს უკვე ანტივაქსერული განწყობა არ არის. საქართველოს მოსახლეობა უწყობს საბოტაჟს თავის ჯანმრთელობას და, საბოლოო ჯამში, ქვეყანას“, – განაცხადა ცერცვაძემ.

მისი თქმით, თუ ვაქცინაციის ასეთი დაბალი ტემპი შენარჩუნდა, სახელმწიფო ისევ იძულებული გახდება შემოიღოს შეზღუდვები, ან ვაქცინაცია სავალდებულო გახადოს.
„მე მიმაჩნია, რომ ან მოსახლეობა გათავისუფლდება ამ სიურრეალისტური გავლენებისგან და შემობრუნდება მასობრივი ვაქცინაციისა და პირბადის ტარებისკენ, ან მთავრობა იძულებული იქნება, შემოიღოს სავალდებულო ვაქცინაცია, რაც უნდა პროტესტი მოჰყვეს ამას“, – აღნიშნა ცერცვაძემ.
PCR-ტესტი ხშირად ცრუ პასუხს იძლევა: ინფექციონისტის განმარტება
საქართველოში კორონავირუსის მეხუთე ტალღა საკმაოდ მაღალი ნიშნულით დაიწყო და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რეკომენდაციების დაცვა: პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა, უარის თქმა მასობრივ თავშეყრებზე და დროული ვაქცინაცია.
ქართველი სპეციალისტები განგაშს ტეხენ და აღნიშნავენ, რომ ქვეყანაში მკვეთრად შემცირდა ვაქცინაციის მაჩვენებელი. ეპიდემიოლოგების განცხადებით, პანდემიის დასაძლევად საჭიროა ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის 70-80%-ის ვაქცინაცია.
22 ოქტომბრის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 1.938.274 აცრა. მინიმუმ ერთი დოზით ვაქცინირებულია 1.020.110 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 35,9%. სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 917.638 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 32,1%. 21 ოქტომბერს აიცრა 5.309 ადამიანი.