თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. ენერგოკომპანიებმა „თელმიკომ“ და „თელასმა“ მიმდინარე წლის ივნისსა და ივლისში მომხმარებლებზე ზედმეტობით დარიცხული თანხები დააკორექტირეს, იუწყება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი).
თბილისში ელექტროენერგიის აბონენტებზე მიმდინარე წლის ივნისსა და ივლისში სისტემურად განხორციელებული არაზუსტი დარიცხვების გამო სემეკმა აგვისტოში შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია“ („თელმიკო“) 75.000 ლარით, ხოლო სს „თელასი“ – 50.000 ლარით დააჯარიმა. კომპანიების დაჯარიმების მიზეზი თბილისში აბონენტებზე ელექტროენერგიის გადასახადის სისტემურად არაზუსტად განხორციელებული დარიცხვები გახდა. კომპანიებს ერთთვიანი ვადა მიეცათ იმისათვის, რომ კომისიისთვის მიეწოდებინათ ინფორმაცია დარიცხული თანხების გადაანგარიშების შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ემუქრებოდა განმეორებითი სანქციები.
კომპანიების მიერ სემეკში წარდგენილი ინფორმაციით, დაკორექტირებული თანხების ჯამმა 1.321.551 ლარი შეადგინა.
„ თელმიკომ“ გადაამოწმა 649.713 აბონენტზე დარიცხული თანხა და აქედან 189.844 აბონენტს ტარიფი დაუკორექტირა. დაკორექტირებულმა თანხამ 801.807 ლარი შეადგინა.
„თელასმა“ გააწორა 184.673 აბონენტისთვის არასწორად დარიცხული თანხა. დაკორექტირებული თანხის ჯამმა 519.744 ლარი შეადგინა.
„ორივე კომპანია გავაფრთხლეთ, რომ თუ კვლავ ადგილი ექნება მრიცხველის ჩვენების არასწორად წაკითხვას და არასწორი დარიცხვები მოხდება, მარეგულირებელი კომისია კვლავაც იმსჯელებს ამ საკითხზე და უკვე ჯარიმების ოდენობა გაორმაგდება კანონის შესაბამისად“, – განაცხადა სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ.
2021 წლის 1 ივლისიდან თბილისში „თელასის” ნაცვლად მოსახლეობას და მცირე საწარმოებს ელექტროენერგიას „თელმიკო“ აწვდის. „თელასს“ დაევალა 2021 წლის 30 ივნისის მდგომარეობით ხარჯების დაფიქსირება და მომხმარებლებისთვის შესაბამისი ქვითრების წარდგენა.