ტელეწამყვან თათია შარანგიას საქართველოს ექს-პრეზიდენტზე წაკითხული მონოლოგის გამო განმარტება მოუწია. საუბარია გადაცემა „სთორიში“ მიხეილ სააკაშვილის მშობლების სტუმრობის ეპიზოდზე, სადაც შარანგიამ გადაცემის დასაწყისში ყოფილი პრეზიდენტის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.
როგორც გაირკვა, აღნიშნული გადაცემის შემდეგ შარანგია სოციალურ ქსელში გააკრიტიკეს, რის შემდეგაც ტელეწამყვანმა „ფეისბუქზე“ პოსტი დაწერა, სადაც აღნიშნავს, რომ ყველა ადამიანს გააჩნია თავისი სამოქალაქო პოზიცია თუ პოლიტიკური ხედვა და, რა თქმა უნდა, მასაც.
„ალბათ არავის გქონდათ მოლოდინი, რომ საკუთარ აზრს ან შეხედულებას მოკლებული ადამიანი ვიყავი. ამის მიუხედავად, მე არასდროს გახვევთ თავს ჩემს აზრს ჩემს გადაცემაში და მთავარ მოვალეობად მიმაჩნია ჩემი სტუმრები გაგაცნოთ და გაგაცნოთ პოზიტიურ ჭრილში“, – დაწერა ტელეწამყვანმა.
რაც შეეხება შარანგიას მონოლოგს, ტელეწამყვანმა გადაცემის დასაწყისში აღნიშნა, რომ ამაყობს მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებული საქმეებით. თათია 14 ოქტომბერს სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზეც იმყოფებოდა მეუღლესთან ერთად.
თათია შარანგია ფართო საზოგადოებამ რამდენიმე წლის წინ გაიცნო, როდესაც ის ედუარდ შევარდნაძის რძალი გახდა. მოგვიანებით კი თათია სანდრო შელიას გაჰყვა ცოლად. თათია და სანდრო რამდენიმე წელია ერთად საქართველოში ცხოვრობენ.
თათია შარანგიასა და ლაშა შევარდნაძის განქორწინების შესახებ ინფორმაცია 2013 წლის მარტის დასაწყისში გავრცელდა. გაყრის ინიციატორი თათია იყო. ხმები მათ ოჯახურ უთანხმოებაზე მანამდეც ვრცელდებოდა. ლაშა შევარდნაძესა და თათია შარანგიას ორი ვაჟი ჰყავთ – ედუარდ და ალექსანდრე შევარდნაძეები.
თათია პიანისტია. სწავლობდა თბილისში, პარიზსა და აშშ-ის სხვადასხვა ქალაქებში. მონაწილეობდა საერთაშორისო კონკურსებში. ხშირად მიემგზავრება სხვადასხვა ქვეყანაში გასტროლებზე. თათიას მშობლები თბილისში ცხოვრობენ. მას დედა ექიმი ჰყავს, მამა ბიზნესმენია.