ბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკი მოუწოდებს მოქალაქეებს, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ საკუთარ პერსონალურ თუ საბანკო ინფორმაციასთან დაკავშირებით და არ გაუზიარონ ისინი მესამე პირებს მაშინაც კი, როდესაც მსგავსი მოთხოვნა თითქოს ლეგიტიმური ორგანიზაციებიდან მოდის, ნათქვამია უწყების გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
ეროვნული ბანკის ცნობით, დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც მოქალაქეებს საქართველოს ეროვნული ბანკის სახელით უცნობი პირები დაუკავშირდნენ და მათ მიერ განხორციელებული საბარათე ტრანზაქციებით დაინტერესდნენ. ზოგიერთ შემთხვევაში კი ბარათის ნომრის გაზიარება ითხოვეს.
„გვსურს გავაფრთხილოთ მომხმარებლები, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ არ ხორციელდება მომხმარებლის საბარათე მონაცემების მოთხოვნა. ამასთან, ზემოაღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული ბანკი მიმართავს შესაბამის ორგანოებს“, – წერია მარეგულირებლის გვერდზე.
უწყების ცნობით, ნებისმიერი ინფორმაციის მოთხოვნის შემთხვევაში მომხმარებელი უნდა დარწმუნდეს, რომ აღნიშნული მოთხოვნის საფუძველი ლეგიტიმურია.
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მარეგულირებელი სთხოვს მომხმარებლებს, დაუკავშირდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის „ცხელ ხაზს“ - 2 406 406.