საქართველო და იაპონია სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობას აღრმავებენ

შეხვედრაზე განიხილეს ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის ენერგიის განახლებადი წყაროების შესახებ
Sputnik
თბილისი, 21 ოქტომბერი - Sputnik. მსხვილი იაპონური კორპორაციები დაინტერესებულნი არიან ენერგიის განახლებადი წყაროებით საქართველოში, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.
საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა გამართა ონლაინ-შეხვედრა იაპონიის მთავრობისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, რომლის ფარგლებში მათ განიხილეს ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები და მომავალი თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები. მათ ასევე განიხილეს საქართველოს ბაზარზე იაპონიის საინვესტიციო საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები.
„ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს ორმხრივად ხელსაყრელი ნორმატიული ბაზა, რათა უფრო მეტი იაპონელი ინვესტორი დაინტერესდეს საქართველოთი და უფრო მეტი ქართული პროდუქცია შევიდეს იაპონიის ბაზარზე. ეს ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის კავშირების დაახლოებას, რაც, საბოლოო ჯამში, სარგებელს მოუტანს როგორც საქართველოს, ასევე იაპონიას", - განაცხადა მინისტრმა.
შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ მხარეებს შორის გაგრძელდება თანამშრომლობა მთელ რიგ სფეროებში, როგორიცაა ჰიდროენერგეტიკა, „მწვანე წყალბადის" წარმოება, ტრანსპორტი და სატრანსპორტო დერეფნის განვითარება. იაპონურმა მხარემ გამოთქვა დაინტერესება საქართველოს ენერგეტიკული სექტორის უფრო ღრმა შესწავლით.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი ჩიქოვანი და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორი მიხეილ ხიდურელი, აგრეთვე მსხვილი იაპონური კომპანიების - Kansai Electric Power-ისა და Itochu Corporation-ის მაღალი მენეჯმენტის წარმომადგენლები.
შეხვედრაზე განიხილეს ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის საუბარი შეეხო ენერგიის განახლებად წყაროებს.
საქართველოს და იაპონიის მოქალაქეები ორმაგ დაბეგვრას თავიდან აიცილებენ
აღინიშნა, რომ საქართველო მისი მომგებიანი გეოგრაფიული მდგომარეობისა და ბიზნესის კეთების ლიბერალური წესების გამო იაპონური კაპიტალისთვის მიმზიდველ საინვესტიციო ბაზარს წარმოადგენს.
მხარეებმა დადებითად შეაფასეს ქვეყნებს შორის ინვესტიციების ორმხრივი დაცვის შეთანხმების არსებობა, რომელიც 2021 წლის ზაფხულიდან მოქმედებს და იაპონელი ინვესტორებისთვის საქართველოს ეკონომიკაში სახსრების დაბანდებისთვის დამატებით სტიმულს წარმოადგენს.
საქართველომ და იაპონიამ დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 3 აგვისტოს დაამყარეს. იაპონია საქართველოს დახმარებას უწევს ეკონომიკის, ენერგეტიკის, მედიცინის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სფეროების განვითარებაში.
ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 2020 წელს 172,3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ხოლო 2021 წლის იანვრიდან სექტემბრამდე - 151 მილიონ დოლარზე მეტი.