როგორია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა: უახლესი ინფორმაცია

ექს-პრეზიდენტი საკუთარ თავს პოლიტპატიმარს უწოდებს და გათავისუფლების მოთხოვნით შიმშილობს.
Sputnik
თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან.
მისი თქმით, სააკაშვილს გამოკვლევები ჩაუტარდა და მედიკამენტოზური დახმარება უკვე გაეწია. ამასთან ერთად მინისტრმა აღნიშნა, რომ, როგორც ექიმი, იგი პაციენტის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგია.

„ზოგადად, მე წინააღმდეგი ვარ პაციენტის შესახებ ინფორმაციის გავრცელების, რადგანაც ეს ეთიკის ნორმებს არ შეესაბამება. სააკაშვილის მდგომარეობა საკმაოდ დამაკმაყოფილებელია. ამ დროისათვის მისი კლინიკაში გადაყვანა საჭირო არაა, თუმცა პენიტენციური სამსახურის მედპერსონალმა ყველა საჭირო გამოკვლევა ჩაატარა და მედიკამენტოზური დახმარება აღმოუჩინა, რაც ამ ეტაპზე პაციენტისთვის აუცილებელი იყო“, – განაცხადა ტიკარაძემ.

სააკაშვილი 21-ე დღეა შიმშილობს. გუშინ მან მორიგი წერილი გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ იგი საკვების მიღებაზე უარს აცხადებს, თუმცა თანახმაა მიიღოს ექიმთა კონსილიუმის მიერ დანიშნული მედიკამენტები.
სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში არალეგალურად 29 სექტემბერს ჩამოვიდა, ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.
საქართველოში მის წინააღმდეგ რიგი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და სააკაშვილი ამჟამად რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული. ექს-პრეზიდენტი საკუთარ თავს პოლიტპატიმარს უწოდებს და გათავისუფლების მოთხოვნით შიმშილობს.