რა ბედი ეწიათ 5 ივლისის აქციის საქმეზე დაკავებულებს: სასამართლოს გადაწყვეტილება

სასამართლო პროცესზე ადვოკატების ნაწილი ბრალდებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას, ნაწილი კი მათ მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას ითხოვდა.
Sputnik
თბილისი, 21 ოქტომბერი – Sputnik. „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციაზე მასმედიის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე დაკავებული ყველა პირი პატიმრობაში დარჩა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო.
2021 წლის 5 ივლისს ჰომოფობიურმა და ძალადობრივმა ჯგუფებმა ჟურნალისტებზე იძალადეს, ასევე სცადეს „თბილისი პრაიდისა“ და სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისების დარბევა. ამ დროისათვის ამ ფაქტებზე დაკავებულია 27 პირი.
დღეს გამართულ სხდომაზე დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთი ღონისძიება – პატიმრობა გადაისინჯა. ამასთან, სასამართლომ მხარეების მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებზე იმსჯელა.
5 ივლისის მოვლენები: რას მოითხოვს სახალხო დამცველი პროკურატურისგან
არსებული ინფორმაციით, ბრალდების მხარე დაკავებულების პატიმრობაში დატოვებას მოითხოვდა. ადვოკატების ნაწილი ბრალდებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას, ნაწილი კი მათ მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას ითხოვდა.
რუსთაველის გამზირზე, მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებზე და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) და 126-ე (ძალადობა) მუხლებით მიმდინარეობს.
„თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის საქმეზე დაზარალებულად ამ ეტაპზე ცნობილია 56 პირი, მათ შორის 45 ჟურნალისტი და ოპერატორი.