არჩევნები 2021

კალაძე კოალიციურ მთავრობაზე: ეს არის დაშლილი და შეერთებული „ნაცმოძრაობა“

ნიკა მელიამ ოქტომბრის დასაწყისში განაცხადა, რომ დედაქალაქის ჩრდილოვანი მთავრობის ფორმირებას გეგმავს.
Sputnik
თბილისი, 21 ოქტომბერი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა, დედაქალაქის მოქმედმა მერმა კახა კალაძემ კოალიციური მთავრობის ფორმირებას ოპოზიციის მხრიდან პოლიტიკური პერფორმანსი უწოდა.
გუშინ ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ წარადგინა გუნდი, რომელიც, არჩევნების მეორე ტურში გამარჯვების შემთხვევაში, თბილისის კოალიციურ მთავრობას ჩამოაყალიბებს.
კალაძის შეფასებით, აღნიშნული კოალიციური მთავრობის შემადგენლობა არის „დაშლილი და შეერთებული „ნაციონალური მოძრაობა“.

„ვერანაირი პოლიტიკური პერფორმანსი ვერ მოაწესრიგებს ვერც საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ვერც ინფრასტრუქტურას, ვერც გარემოს დაცვის მიმართულებას, ვერც რეკრეაციულ სივრცეებს. ჩვენ ვართ ერთადერთი რეალური გუნდი, რომელსაც აქვს კონკრეტული ხედვა ამ ქალაქთან დაკავშირებით, კონკრეტული გაკეთებული საქმეები აბსოლუტურად ყველა მიმართულებით ბოლო 4 წლის განმავლობაში“, – განაცხადა კალაძემ.

როგორც კალაძემ აღნიშნა, თბილისის მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ არსებულ გამოწვევებს და პრობლემებს, რაც დღის წესრიგში დგას, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში მაქსიმალურად გაეცეს პასუხი.
მისივე განცხადებით, თბილისის საკრებულოში უმრავლესობა პარტია „ქართულ ოცნებას“ აქვს და დედაქალაქის მთავრობასაც ის დაამტკიცებს.
არჩევნები 2021
ნიკა მელიამ ჩრდილოვანი მინისტრთა კაბინეტი წარადგინა
„სასაცილოა, როდესაც ადამიანი გამოდის და წარადგენს კონკრეტულ პირებს თანამდებობებზე მაშინ, როდესაც თბილისის საკრებულოში „ქართული ოცნება“ უმრავლესობითაა წარმოდგენილი. როდესაც მე გავიმარჯვებ და წარვადგენ კონკრეტულ კანდიდატებს მოადგილეებად, სამსახურის უფროსებად, ისინი უნდა დაამტკიცოს დედაქალაქის საკრებულომ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ნიკა მელიას მიერ წარმოდგენილი ჩრდილოვანი მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში ვიცე-მერების პოსტებზე დასახელდნენ: მამუკა ხაზარაძე („ლელო საქართველოსთვის“), ზურაბ ჯაფარიძე („გირჩი - მეტი თავისუფლება“), ირაკლი აბესაძე („ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“) და ელენე ხოშტარია („დროა“).
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართა. პირველი ტურის შედეგებით, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ და მისი მთავარი კონკურენტი, ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ემზადებიან მეორე ტურისთვის, რომელიც 30 ოქტომბერს 20 მუნიციპალიტეტში უნდა გაიმართოს, მათ შორის თბილისში, სადაც ვერც ერთმა კანდიდატმა 50%-ზე მეტი ხმა ვერ მოიპოვა.