თბილისი, 21 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო დეტალურად შეისწავლის გრიპის ვაქცინის სხვა პრეპარატით შეცვლის ფაქტს, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან.
მან კომენტარი გააკეთა სკანდალზე, რომელიც ერთ-ერთ კლინიკაში მოხდა, სადაც პაციენტებს გრიპის საწინააღმდეგო ძვირადღირებული ფრანგული ვაქცინის ნაცვლად აცრას იაფფასიანი С–ვიტამინით უკეთებდნენ, თანაც ამაში ფულს იღებდნენ. ვაქცინაციისთვის თანხის გადახდა წინასწარ ხდებოდა. რას საქმიანობდნენ კლინიკაში, ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც ერთ-ერთმა პაციენტმა ვაქცინის შეფუთვის ნახვა მოინდომა.
ტიკარაძის თქმით, ვიტამინი С ჯანმრთელობისთვის ზიანის მომტანი არ არის, თუმცა ყველა, ვინც ამ კლინიკაში ჩაიტარა ვაქცინაცია, კონტროლზე იქნება აყვანილი.
„რეგულირების სააგენტო დეტალურად შეისწავლის იქ არსებულ პროცესს. მათ გუშინვე მოახდინეს რეაგირება. დეტალურად გაიწერება ყველა ღონისძიება, დოკუმენტები გადაიგზავნება შესაბამის უწყებებში. მოკვლევა დაიწყო გუშინ, ეს არის საკმაოდ მასშტაბური სამუშაო, ჩვენ გვინდა, რომ ჩავწვდეთ ყველა დეტალს“, – განაცხადა ტიკარაძემ.
ამ დროისათვის ამოღებულია და პროკურატურაში გადაცემულია ყალბი სერტიფიკატები.
„ყალბ სერტიფიკატზე სამინისტროს ვერ ექნება რეაგირება, ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ნამდვილი სერტიფიკატების შეჩერება, ისიც გარკვეული წესებით, რომელიც დადგენილია სამინისტროსთვის. ამ ადამიანების (აცრილების) ჯანმრთელობის მდგომარეობასაც მოვიკითხავთ“, – აღნიშნა ტიკარაძემ.
მინისტრმა დაადასტურა, რომ კონკრეტული მოქალაქეები ნამდვილად აცრეს С–ვიტამინით. მისი თქმით, დარღვევები ამ კლინიკაში გასულ წელსაც გამოავლინეს, საქმე პროკურატურას გადაეცა, მაგრამ შესაბამისი რეაგირება ჯერ არ ყოფილა.
ტიკარაძემ სინანულით აღნიშნა, რომ რეგულირების სააგენტოს კლინიკების გეგმური შემოწმების უფლებამოსილება არ გააჩნია. ამისთვის კანონში შესაბამისი ცვლილებებია შესატანი. მინისტრი აუცილებლად მიიჩნევს კლინიკების რეგისტრაციის პრინციპების შეცვლას საკანონმდებლო დონეზე. ტიკარაძის აზრით, კლინიკები უნდა დარეგისტრირდნენ არა მხოლოდ მათ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით, არამედ მათი მუშაობის დეტალური შესწავლის საფუძველზე.
„მხოლოდ რეგულირების სააგენტოსა და სამინისტროს თანხმობით უნდა მოხდეს კლინიკების გახსნა და ოპერირების ნებართვის გაცემა“, – განაცხადა ტიკარაძემ.
გრიპის ვაქცინის შეცვლასთან დაკავშირებული სკანდალი თბილისში 20 ოქტომბერს დაიწყო. მოქალაქეები კლინიკაში ოთხკომპონენტიანი გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის გასაკეთებლად მივიდნენ, აცრის თანხა – 75 ლარი წინასწარ ჰქონდათ გადახდილი. აცრას უტარებდნენ როგორც მოზრდილებს, ისე ბავშვებს. როდესაც ერთ-ერთი პაციენტი დაეჭვდა და ვაქცინის შეფუთვა მოითხოვა, მას კატეგორიული უარი განუცხადეს და კლინიკის სასწრაფოდ დატოვება უბრძანეს. ამან პაციენტების ეჭვი კიდევ უფრო გააძლიერა და მათ პოლიცია გამოიძახეს.
მასმედიის ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის მოსვლამდე მედპერსონალმა სიჩქარეში დატოვა კლინიკის შენობა. სამართალდამცველების მიერ კაბინეტის ზედაპირულმა დათვალიერებამ აჩვენა, რომ ვაქცინის ნაცვლად პაციენტებს С–ვიტამინს უკეთებდნენ. პრეპარატი საზიანო არაა, მაგრამ გრიპისგან არ იცავს.
ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის მარეგულირებელ სააგენტოში დაადასტურეს თაღლითობის ფაქტი და განაცხადეს, რომ გოგელიას კლინიკას იმუნიზაციის ნებართვა და სერტიფიკატი არ ჰქონდა.