თბილისი, 21 ოქტომბერი – Sputnik. მიმდინარე წლის დასაწყისიდან, 2020 წელთან შედარებით, დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა 2,4-ჯერ გაიზარდა, ნათქვამია დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სააგენტოს ცნობით, 2021 წლის 9 თვის მონაცემებით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებს დაახლოებით 600 ათასი ვიზიტორი ეწვია.
დაცულ ტერიტორიებზე ტურისტების საერთო რაოდენობიდან 48% ქართველია, ხოლო 52% — უცხოელი. უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა 10,4-ჯერ არის გაზრდილი.
ტურისტებისთვის ყველაზე მიმზიდველი დაცული ტერიტორიების ტოპ-5 ასეთია: პრომეთეს მღვიმე, ყაზბეგის ეროვნული პარკი, მარტვილის კანიონი, ოკაცეს კანიონი და მტირალას ეროვნული პარკი.
„პანდემიის მიუხედავად ქვეყანაში აქტიურად გრძელდება ეკოტურიზმის განვითარება. გაიხსნა ახალი ეკოტურისტული ობიექტი „თეთრა მღვიმე“, ასევე საქართველოში პირველი მრავალფუნქციური ეკოტურისტული სივრცის – წალკის კანიონის ნაწილი, სადაც მოგზაურობა ჩანჩქერამდე მიმავალ ახალ ბილიკზეა შესაძლებელი“, – ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, ოკაცეს ჩანჩქერზე განახლდა 700-მეტრიანი ზიპლაინი, მოეწყო ახალი ბილიკები, მათ შორის, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ნეძვის აღკვეთილსა და სათაფლიაში.