ბათუმში დღეს დაჭრილი მამაკაცი გარდაიცვალა

თვითმხილველები აცხადებენ, რომ 10-მდე გასროლა გაიგეს. დამნაშავემ მიმალვა მოახერხა.
Sputnik
თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. ბათუმში დღეს, შუადღისას დაჭრილი 44 წლის მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
შემთხვევა ნიკო ჯაყელის ქუჩაზე, ბათუმის ნარკოლოგიური ცენტრის ეზოში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი მეტადონის ჩანაცვლების პროგრამით მოსარგებლე იყო.
იგი გეგმურ ვიზიტზე იმყოფებოდა, რა დროსაც შენობაში შესვლამდე მას ნიღბიანი ადამიანი თავს დაესხა, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ბათუმში ნარკოლოგიურის ტერიტორიაზე 44 წლის მამაკაცი დაჭრეს>>
დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ბრიგადამ ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. საავადმყოფოში შეყვანის დროს მისი მდგომარეობა კრიტიკული იყო.
რა გახდა დაპირისპირების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.
ნარკოლოგიური ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები ამ დრომდე არიან მობილიზებული, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 7-დან 15 წლამდე.