ტოკიოში ქართული ღვინო დააგემოვნეს

ტოკიოში ქართული ღვინის წარდგენის მიზანი მომხმარებლებში ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდა და ღვინით ვაჭრობის ბაზარზე გაყიდვების ხელშეწყობა იყო.
Sputnik
თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში ქართული ღვინის წარდგენა-დეგუსტაციები გაიმართა, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.
ღონისძიებას ღვინის ადგილობრივი იმპორტიორები, ასევე რესტორნების, ღვინის ბარებისა და სასტუმროების ქსელების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ღონისძიებას ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანია Red Bridge-ის დირექტორი, ღვინის მაგისტრი კენიჩი ოჰაში უძღვებოდა.
ქართული ღვინის ექსპორტი კვლავ იზრდება - ახალი სტატისტიკა
კენიჩი ოჰაშის მიერ წარდგენილი პრეზენტაცია საქართველოს ისტორიის, ვაზის ადგილობრივი ჯიშებისა და ღვინის დაყენების მეთოდების მრავალფეროვნებას, ასევე ქართული ღვინის იაპონურ სამზარეულოსთან შეხამების გამოცდილებას მოიცავდა.
დეგუსტაციაზე წარდგენილი იყო სხვადასხვა დასახელების 13 ქართული ღვინო, რომელთაგან ორი იაპონიის ბაზარზე უკვე წარმატებით იყიდება.
„ღონისძიების სტუმრებმა სადეგუსტაციოდ წარმოდგენილი ქართული ღვინოების საბაზრო პოტენციალზე, საექსპორტო ფასსა და წარმოების მასშტაბების პერსპექტივებზე შეფასებები გააკეთეს. ამასთან ერთად, განხილული იყო იაპონიაში ქართული ღვინის იმპორტის განხორციელების ტექნიკური საკითხებიც“, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
იაპონია მრავალი წელია საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ბაზარს წარმოადგენს, სადაც პრემიუმ–ხარისხის ძვირადღირებული ღვინოები გადის.