თბილისის მერია ბათუმში ჩამონგრეული სახლის ბინადრებისთვის ნახევარ მილიონ ლარს გადარიცხავს

დედაქალაქის საკრებულომ უკვე განიხილა ბიუჯეტში ცვლილების შეტანის საკითხი და თანხა, რომელიც „თბილისობის“ ღონისძიებისთვის იყო გამოყოფილი, სპეციალურად შექმნილ ფონდში უკვე გადამისამართდა.
Sputnik
თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. ბათუმში 8 ოქტომბერს მომხდარი უბედური შემთხვევის დროს დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად ნახევარი მილიონი ლარი გადაირიცხება, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
მისი თქმით, დედაქალაქის საკრებულომ უკვე განიხილა ბიუჯეტში ცვლილების შეტანის საკითხი და თანხა, რომელიც „თბილისობის“ ღონისძიებისთვის იყო გამოყოფილი, სპეციალურად შექმნილ ფონდში უკვე გადამისამართდა. იქიდან კი დღესვე გადაირიცხება დაზარალებული ოჯახებისთვის შექმნილი ფონდის ანგარიშზე.

„ეს არის თბილისის და თბილისელების ფული და ვინაიდან თბილისი არასოდეს გამდგარა განზე ასეთ დროს, ეს თანხაც იქნება ბათუმისადმი გამოხატული მხარდაჭერის, გვერდში დგომისა და თანაგრძნობის ერთგვარი გამოხატულება თბილისისგან“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, დედაქალაქის მერმა ზოგადად ავარიული სახლების პრობლემაზე ისაუბრა, რომელიც თბილისშიც საკმაოდ აქტუალურია. მისი თქმით, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტი ავარიული შენობა-ნაგებობის ჩანაცვლების პროგრამას განახორციელებს.
„ეს არის ერთ-ერთი უდიდესი პრობლემა. გვაქვს 10.000-მდე შენობა-ნაგებობა, რომელსაც სხვადასხვა კატეგორიის ავარიულობის ხარისხი აქვს მინიჭებული. წლების განმავლობაში ჩვენ მსგავს შენობებს ვამაგრებდით. ახლა კი სრული ჩანაცვლების პროგრამა დავდეთ. ამ ყველაფერს გავაკეთებთ ისე, რომ ყველა ხარჯი თავის თავზე დედაქალაქის მუნიციპალიტეტმა აიღოს და მოსახლეობას ამაში ერთი თეთრიც არ დაეხარჯება“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
ხმალაძე: თბილისში ავარიული შენობები ახალი კორპუსებით ჩანაცვლდება
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 8 ოქტომბერს, შუადღისას საცხოვრებელი სახლის ერთი სადარბაზო მთლიანად ჩამოინგრა. ნანგრევებს შორის მოყვა 11 ადამიანი, მათგან მხოლოდ ორი გადარჩა, დაიღუპა ცხრა ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი. დაღუპულებიდან ოთხი ადამიანი ერთი ოჯახის წევრი იყო. წინასწარი ვერსიით, სახლის ჩამონგრევის მიზეზი სარდაფის გაფართოების მიზნით პირველ სართულზე მზიდი კედლების მოშლა გახდა.