COVID-19 - ბოლო ცნობები

ქართველი მეწარმეები სავალდებულო ვაქცინაციის დაწესებას ემხრობიან

აუცილებელია ეფექტური, თამამი და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა ჩვენი საზოგადოებისა და ქვეყნისთვის, განაცხადეს საქართველოს ბიზნეს-ასოციაციაში.
Sputnik
თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ბიზნეს-ასოციაცია (BAG) ქვეყნის მოსახლეობას ვაქცინაციისკენ, ხოლო მთავრობას სხვა ქვეყნებში სავალდებულო იმუნიზაციის პრაქტიკის შესწავლისკენ მოუწოდებს.
ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საქართველოში მკკვეთრად გაუარესდა. ბოლო დღეებში ე.წ. ინფიცირების დადებითობის მაჩვენებელი 10%-ის ფარგლებშია. სპეციალისტები კორონავირუსის მეხუთე ტალღის შესახებ ლაპარაკობენ. ხელისუფლების წარმომადგენლები და ექიმები მოსახლეობას ვაქცინაციისკენ, უსაფრთხოების ზომების დაცვისკენ მოუწოდებენ, მაგრამ უფრო მკაცრი შეზღუდვების შესახებ ჯერჯერობით საუბარი არ არის.

„მოვუწოდებთ ქვეყნის ხელისუფლებას, შეისწავლოს სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება და პრაქტიკა პირდაპირი თუ ირიბი გზით სავალდებულო ვაქცინაციის შემოღების შესაძლებლობასთან დაკავშირებით. დღეს საჭირო და აუცილებელია ქმედითი, გაბედული და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა ჩვენი საზოგადოებისა და ქვეყნის სასიკეთოდ“, – ნათქვამია BAG-ს განცხადებაში.

BAG ეპიდემიოლოგიურ ვითარებას საგანგაშოდ მიიჩნევს როგორც მოქალაქეების, ისე ქვეყნისა და ბიზნეს-სექტორისთვის.
ვაქცინირებულებს უპირატესობა უნდა მიენიჭოთ – სერგეენკო>>
„ახალი ტალღის რიცხობრივი დადებითობის მაჩვენებელი, რომელიც ტალღის საწყის ეტაპზე 10%-ს უახლოვდება, იმდენად საგანგაშოა, რომ წინა პრაქტიკიდან გამომდინარე შესაძლებელია იმის პროგნოზირება, თუ როგორი შეზღუდვების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს ბიზნეს-სექტორი. სწორედ ამიტომ მოვუწოდებთ კერძო სექტორში მოღვაწე კომპანიებს მეტი აქტიურობისკენ ვაქცინაციის ტემპების დაჩქარების მიზნით, ვინაიდან ამ პანდემიას არაერთი ბიზნეს-ოპერატორი შეეწირა და ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, თავიდან ავიცილოთ ასეთი შედეგები“, – აღნიშნულია განცხადებაში.
COVID-19 - ბოლო ცნობები
სავალდებულო ვაქცინაცია და შეზღუდვები აუცრელებისთვის: პაატა იმნაძის მოსაზრება
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო, მასობრივი ვაქცინაცია კი – 5 ივლისს.
ამ დროისათვის ქვეყანაში ჩატარებულია 1.920.934 აცრა. ორჯერადად ვაქცინირებულია 907.106 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 31.8%.