თბილისი, 20 ოქტომბერი - Sputnik. ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ განაცხადა, რომ მზად არის უარი თქვას პოსტზე თბილისის მერის არჩევნების მეორე ტურში გამარჯვების შემთხვევაში.
მელია „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარე მიმდინარე წლის ზამთარში ონლაინ-კენჭისყრის შედეგად გახდა. ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის ლიდერობისთვის ბრძოლაში მან პარტიის დამსახურებულ წევრ ლევან ვარშალომიძეს გაუსწრო.
„გამარჯვების შემთხვევაში პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობას არ ვაპირებ. დავრჩები პარტიის რიგით წევრად. არა მგონია სწორი იყოს 1.5 მილიონიანი ქალაქის მერი იყო და დღის განმავლობაში მთავრობის სხდომას ატარებდე დედაქალაქის მერიაში და დღის სხვა ნაწილში - პარტიაში თათბირს ატარებდე“, - განაცხადა ნიკა მელიამ.
მისი თქმით, ის არ იქნება პირნათელი თბილისელების წინაშე, თუ ერთდროულად ორ თანამდებობას დაიკავებს.
ამასთან მან აღნიშნა, რომ „ნაცმოძრაობის რიგით წევრად დარჩება.
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართა. პირველი ტურის შედეგებით, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ და მისი მთავარი კონკურენტი, ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ემზადებიან მეორე ტურისთვის, რომელიც 30 ოქტომბერს 20 მუნიციპალიტეტში უნდა გაიმართოს, მათ შორის თბილისში, სადაც ვერც ერთმა კანდიდატმა 50%-ზე მეტი ხმა ვერ მოიპოვა. ნიკა მელიას დედაქალაქის მოქმედი მერი, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატი კახა კალაძე დაუპირისპირდება.