თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2021 წლის დასაწყისიდან, გასული წლის იანვარი–სექტემბრის პერიოდთან შედარებით, 22,3%-ით გაიზარდა და დაახლოებით 10.009,7 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად), ნათქვამია ქვეყნის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, იმპორტმა იანვარი–სექტემბერში 7 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 2020 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 21,6%-ით მეტია.
წლის დასაწყისიდან საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 4 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 22,1%-ით მეტია.
რითი ვაჭრობს საქართველო
საქართველოდან საქონლის ფართო ასორტიმენტი გააქვთ – სპილენძის მადნები და კონცენტრატები, ფეროშენადნობები, მსუბუქი ავტომობილები, ნატურალური ღვინო, სამკურნალო საშუალებები, მინერალური წყლები, ოქრო, თხილი და სხვ.
2021 წლის დასაწყისიდან გაიზარდა ფეროშენადნობის (75,5%), ტრიკოტაჟის პროდუქციის (70%), თხილის (41,9%) ექსპორტი. ამავე დროს შემცირდა სამკურნალო საშუალებების ექსპორტი (0,1%). სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების ექსპორტი 3,2%-ით.
საქართველოში წარმოებული პროდუქციის ექსპორტი (რეექსპორტის გაუთვალისწინებლად) 24%-ით გაიზარდა და 2.981,3 მილიონი დოლარი შეადგინა. ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტი მთლიანი ექსპორტის 72,7%-ს შეადგენს.
საქართველოში შემოდის ნავთობი და ნავთობპროდუქტები, მსუბუქი ავტომობილები, ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები, სპილენძის მადნები და კონცენტრატები, სამკურნალო საშუალებები, ხორბალი, ელექტროენერგია, სატელეფონო აპარატები და სხვ.
2021 წლის იანვარი–სექტემბერში გაიზარდა ვაქცინის, სისხლის, იმუნური პროდუქტების იმპორტი (202,3%-ით), საბურღი მანქანების და მათი ბლოკების (142%), სატვირთო ავტომობილების (77,3%), ნავთობისა და ნავთობპროდუქტების (57,2%), სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების (37,6%) იმპორტი.
ამავე დროს საანგარიშო პერიოდში შემცირდა ხორბლის (15,6%), აირებისა და აირისებრი ნახშირწყალბადების (3,9%) იმპორტი.