თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. დედაქალაქში ხელმისაწვდომი და მდგრადი საცხოვრებელი სახლების მშენებლობისთვის აზიის განვითარების ბანკმა (ADB) და ქართულმა კომპანია „ოპტიმამ“ ხელი მოაწერეს 10 მლნ აშშ დოლარის ოდენობის საკრედიტო შეთანხმებას, ნათქვამია ADB-ს განცხადებაში.
ბანკის ინფორმაციით, სესხი დააფინანსებს დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე მოსახლეობაზე გათვლილ ორ საცხოვრებელ კომპლექსს, რომლებშიც ჯამში 3.700 ხელმისაწვდომი და ენერგოეფექტური ბინა იქნება.
„პროექტი მიზნად ინახავს თბილისში ხელმისაწვდომი საცხოვრებლის მოდერნიზებას პროექტირებაში ინკლუზიურობის, გენდერისა და უნივერსალური წვდომის სტანდარტების გათვალისწინებით. ეს განვითარების პროექტი წარმოადგენს დემონტრირებას, თუ როგორაა შესაძლებელი საქართველოსა და მთელ რეგიონში ხელმისაწვდომი და ხარისხიანი სახლების მშენებლობა დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე მოსახლეობისთვის“, – განაცხადა ADB-ს კერძო სექტორის ოპერაციების დეპარტამენტის დირექტორმა ინფრასტრუქტურის დაფინანსების მიმართულებით სამხრეთ, ცენტრალურ და დასავლეთ აზიაში შანტანუ ჩაკრაბორტიმ.
„სახლები იქნება ხელმისაწვდომი, ენერგოეფექტური და კარგად აშენებული, რაც ხანდაზმულებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, ქალებსა და ბავშვებს სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფს. ADB-ს სესხი ჩვენ მიერ საქართველოში ქალაქების მდგრადი განვითარებისკენ მიმართული ძალისხმევის ნაწილია“, – განაცხადა ADB-ს მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა საქართველოში შეინ როზენტალმა.
აზიის განვითარების ბანკის ინფორმაციით, თბილისში სახლების 80%-ზე მეტი საბჭოთა კავშირის დროს, ან მანამდეა აშენებული. ძველ საცხოვრებელ კორპუსებს აკლია სარეკრეაციო ადგილები, ავტოსადგომები და ლიფტები. ასევე საზოგადოებრივ ადგილებზე მოხუცების, შშმ პირების, ქალებისა და ბავშვების წვდომა არ შეესაბამება სტანდარტებს.
2019 წელს თბილისის მერიამ წარმოადგინა გეგმა დედაქალაქში მდგრადი ურბანული განვითარების, სივრცული დაგეგმარებისა და ინკლუზიური ინფრასტრუქტურის ხელშესაწყობად. ასევე მთავრობამ ქალაქის ღია სივრცეებში გენდერზე ორიენტებული პროექტირების მიზნით ურბანული განვითარებისა და გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურებში გენდერული მრჩევლის როლი დანერგა.
„ოპტიმა“ m2-ის ჯგუფის და Georgia Real Estate-ის (GRE) – საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი საცხოვრებელი და კომერციული უძრავი ქონების კომპანიების შვილობილი კომპანიაა.
აზიის განვითარების ბანკი საქართველოს 2007 წლიდან უჭერს მხარს და ერთ-ერთ ყველაზე მრავალმხრივ პარტნიორს წარმოადგენს. ბანკის მიერ გაცემული კრედიტების საერთო მოცულობა 3,92 მლრდ დოლარს შეადგენს, ხოლო ტექნიკური დახმარების პროექტების – 28,9 მლნ დოლარს.