თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. გარკვეული კატეგორიის ადამიანებისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულო უნდა იყოს – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში ისაუბრა და დასძინა, რომ ეს მისი პირადი მოსაზრებაა.
„ამაში არაფერია გასაკვირი, რადგან ასე იქცევა აშშ, ევროპის უამრავი ქვეყანა, სადაც სეგმენტურად, გარკვეული კატეგორიის ადამიანებისთვის, ძირითადად პროფესიული ნიშნით, სავალდებულოა აცრები. გარდა ამისა, მომხრე ვარ, რომ იყოს გარკვეულ ადგილებში, არა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სერვისებზე ხელმისაწვდომობა შეზღუდული იმ ადამიანებისთვის, ვინც არ იცრება“, – განაცხადა იმნაძემ.
როგორც იმნაძემ აღნიშნა, აუცრელ ადამიანებს, რომლებიც წარმოადგენენ საფრთხეს თავისი თავისთვის და საზოგადოებისთვის, უნდა შეეხოს გარკვეული შეზღუდვა გარკვეულ ღონისძიებებზე, ძირითადად – გართობის ღონისძიებებზე, რომელიც, მისი თქმით, „არა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სერვისებს“ წარმოადგენს. მაგრამ ამ რეგულაციის შემოღებისთვის საჭიროა, ვაქცინირებულთა რიცხვი უფრო მეტად გაიზარდოს.
იმნაძის განცხადებით, აუცრელი ადამიანებისთვის გარკვეული შეზღუდვები უნდა ამოქედდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც საქართველოში ზრდასრული მოსახლეობის ერთ მესამედზე გაცილებით მეტი აიცრება.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 5.739-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 670.552-ს მიაღწია.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 36 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 9.546-ს მიაღწია.
ქართველი სპეციალისტები განგაშს ტეხენ და აღნიშნავენ, რომ ქვეყანაში მკვეთრად შემცირდა ვაქცინაციის მაჩვენებელი. ამ დროისათვის სრულად, ორჯერადად აცრილია 907.106 ადამიანი, რაც ზრდასრული მოსახლეობის 31,8%-ს შეადგენს. ეპიდემიოლოგების განცხადებით, პანდემიის დასამარცხებლად საჭიროა ზრდასრული მოსახლეობის მინიმუმ 60–70%-ის აცრა.