„სიტუაციას ვმართავთ“ – ღარიბაშვილი კორონავირუსთან ბრძოლის შესახებ

მთავრობის მეთაურმა ქვეყნის მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა აცრისკენ.
Sputnik
თბილისი, 19 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოსახლეობა დაამშვიდა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა კონტროლის ქვეშაა.
ბოლო პერიოდში საქართველოში მნიშვნელოვნად მოიმატა ინფიცირების მაჩვენებელმა, პარალელურად კი ვაქცინაციის ტემპმა იკლო.

„მოგეხსენებათ, ჩვენ ვაქცინების არავითარი პრობლემა არ გვაქვს, 1 ოქტომბერს ჩამოვიტანეთ დამატებით 1 მილიონი „სინოფარმის“ ვაქცინა, რომელიც ხელმისაწვდომია, გვაქვს „ფაიზერის“ ვაქცინები, ყველანაირი ვაქცინა გვაქვს, და კიდევ ერთხელ გთხოვთ, ავიცრათ და დავიცვათ ჩვენი ჯანმრთელობა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან.

პრემიერის თქმით, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
დაიწყება თუ არა საქართველოში სავალდებულო ვაქცინაცია – ამირან გამყრელიძის განმარტება
„მინდა მოსახლეობას ვუთხრა და დავამშვიდო, ჩვენ სიტუაციას ვმართავთ, კონტროლის ქვეშ არის. კიდევ ერთხელ მადლობა ჩვენს ექიმებს, მათ ძალიან გმირული საქმიანობა გასწიეს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ამ დროისათვის საქართველოში ორი დოზით აცრილია 907.106 ადამიანი, რაც ზრდასრული მოსახლეობის 31,8%-ია. ეპიდემიოლოგები აცხადებენ, რომ პანდემიასთან გასამკლავებლად ზრდასრული მოსახლეობის 60–70% უნდა იყოს აცრილი.