კონსილიუმი გადაწყვეტს, ესაჭიროება თუ არა სააკაშვილს ჰოსპიტალიზაცია

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი რუსთავის ციხეში უკვე 18 დღეა შიმშილობს.
Sputnik
თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. მიხეილ სააკაშვილი ციხიდან შეიძლება თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანონ, იუწყება ტელეარხი „TV პირველი“.
რუსთავის მე-12 ციხეს სამშაბათს ექიმების კონსილიუმი ეწვევა და ექს-პრეზიდენტის მდგომარეობას შეაფასებს მისი 18-დღიანი შიმშილობის შემდეგ.
ორადგილიანი საკანი, ტელევიზორი და დამატებითი ლეიბი: რა პირობებშია სააკაშვილი ციხეში
ტელეკომპანიის ინფორმაციით, ექვსი ექიმისგან შემდგარი სპეციალური ჯგუფი, რომელიც პენიტენციური სამსახურის და სააკაშვილის პირადი ექიმის ნიკოლოზ ყიფშიძის თხოვნით ჯანდაცვის მინისტრმა შექმნა, ჩაატარებს კომპლექსურ გამოკვლევას და სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას შეაფასებს. არაა გამორიცხული, რომ ის თბილისის ერთ-ერთ სამოქალაქო კლინიკაში, კერძოდ, „ვივამედში“ გადაიყვანონ, თუ მისი მდგომარეობა კრიტიკულად შეფასდება.

ნიკოლოზ ყიფშიძე აცხადებს, რომ სააკაშვილი შესამჩნევად დასუსტდა, ფერმკრთალია და ხანგრძლივი შიმშილობის გამო გადაადგილება უჭირს. ექს-პრეზიდენტი შიმშილობის შეწყვეტაზე კატეგორიულ უარს აცხადებს.