თბილისი, 19 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებული ადამიანებიდან, აგვისტოს ბოლოს მონაცემებით, კორონავირუსით დაინფიცირდა სულ 11 ათასი პირი, ხოლო გარდაიცვალა 23 ადამიანი, განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ.
მისი თქმით, ყველა ამ 23 ადამიანს მძიმე თანმდევი დაავადებები აღენიშნებოდა, ისინი სხვადასხვა ვაქცინებით იყვნენ აცრილი და ამ შემთხვევაში რომელიმე ვაქცინის უპირატესობა არ გამოკვეთილა.
საქართველოში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსს სულ ემსხვერპლა 9.510 ადამიანი, შესაბამისად, მათ შორის ორჯერადად აცრილების რაოდენობა 0,24%-ს შეადგენს.
ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, მეორე მხრივ, უკვე გამოიკვეთა მონაცემები, რომელიც აჩვენებს, რამდენად იცავს აცრა ინფიცირებისგან, ჰოსპიტალიზაციისგან და სიკვდილისგან. მისი თქმით, აღნიშნული საკითხის სრული მიმოხილვა ოქტომბრის ბოლოს გამოქვეყნდება.
„სრული აცრა, ანუ ორჯერადი 9,3-ჯერ იცავს ინფიცირებისგან. 9,3-ჯერ მაღალი აქვს რისკი არააცრილს, რომ ის დაინფიცირდეს კოვიდიანთან კონტაქტის შემდეგ, ვიდრე აცრილს. დაახლოებით 23-ჯერ ნაკლებია რისკი, რომ ორჯერ აცრილი, თუ მას დაემართა „კოვიდი“, მოხვდეს ჰოსპიტალში და შემდგომ ინტენსიურ ან რეანიმაციულ განყოფილებაში. დაახლოებით 25-30-ჯერ ნაკლებია სიკვდილიანობის რისკი, თუ ორჯერ აცრილს დაემართა „კოვიდი“. დამერწმუნეთ, ეს რეალური ციფრებია. აცრა სერიოზულად იცავს. რა თქმა უნდა, მედიცინაში 100-პროცენტიანი არაფერია“, – განაცხადა აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
მისი თქმით, ორჯერადად აცრილი 11 ათასი დაინფიცირებული ადამიანიდან ჰოსპიტალიზაცია „ერთეულებს“ დასჭირდა.
„სანამ არ გამოვა მიმოხილვა, ციფრებს არ დავასახელებ“, – განაცხადა მან.
რაც შეეხება ორჯერადად აცრილ გარდაცვლილ 23 ადამიანს, მისი თქმით, ყველა შემთხვევა ძალიან დეტალურად შეისწავლება.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.