COVID-19 - ბოლო ცნობები

განათლების სამინისტრო: სკოლების დახურვა გამოსავალი არაა

განათლების სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს პედაგოგებს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს, მაქსიმალურად დაიცვან სპეციალისტების რეკომენდაციები და აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში.
Sputnik
თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. სკოლების დახურვა რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამოსავალი არ არის, განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ ჟურნალისტებთან.
მისი თქმით, ბოლო მონაცემებით, საქართველოში მასწავლებელთა შორის ინფიცირების მაჩვენებელი 1%-ია, მოსწავლეებს შორის კი – 0,8%.
საქართველოში 2.084 საჯარო სკოლაა, სადაც დაახლოებით 62,7 ათასი მასწავლებელი მუშაობს და 609.1 ათასი ბავშვი სწავლობს.

„განათლების სამინისტრო აგრძელებს წერტილოვნად პროცესების მართვას. მიგვაჩნია, რომ სკოლების დახურვა არ არის გამოსავალი. ამ ეტაპზე ძალზე აქტუალურია თანამშრომლობა ადგილობრივ ჯანდაცვის ცენტრებთან, რომლებიც იღებენ გადაწყვეტილებას – კონკრეტული კლასი გადავიდეს დისტანციურ სწავლებაზე, თუ მთლიანად სკოლა“, – განაცხადა დგებუაძემ.

საქართველოში ახალი სასწავლო წელი 15 სექტემბერს დისტანციური სწავლებით დაიწყო, საკლასო ოთახებს მოსწავლეები 4 ოქტომბრიდან დაუბრუნდნენ.
შეწყდება თუ არა სკოლებში სასწავლო პროცესი: ტიკარაძის განმარტება>>>
სკოლებში სასწავლო პროცესის განახლებასთან ერთად გამკაცრდა ვირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებები. კვლავ გრძელდება პედაგოგების, ადმინისტრაციის წარმომადგენლების, ტექპერსონალისა და მანდატურების კორონავირუსზე ტესტირება. სასწავლო დაწესებულებები აღჭურვილია სადეზინფექციო საშუალებებით, ბავშვებისთვის უსაფრთხო სასწავლო გარემოს შექმნის მიზნით მკაცრად ხდება ყველა კოვიდ-რეგულაციის დაცვა. თუმცა, კორონავირუსის შემთხვევებისგან თავის დაღწევა სრულად ვერ ხერხდება, რის გამოც მთლიანი სკოლა ან კონკრეტული კლასი ონლაინ–სწავლების ფორმატზე გადადის.
განათლების სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს პედაგოგებს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს, მაქსიმალურად დაიცვან სპეციალისტების რეკომენდაციები და აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში.