მსოფლიო დღეს

კაცობრიობის ბედი „ერთი მუჭა“ ქვეყნების ხელში: ერდოღანი გაეროს უშიშროების საბჭოს აკრიტიკებს

Sputnik
თბილისი, 19 ოქტომბერი − Sputnik. კაცობრიობის ბედს არ უნდა წყვეტდნენ „ერთი მუჭა“ ქვეყნები, რომლებმაც მეორე მსოფლიო ომში გამარჯვება მოიპოვეს და გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები არიან, განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა ანგოლაში ვიზიტისას, რის შესახებაც წერს სააგენტო Anadolu.
ერდოღანის თქმით, მსოფლიოში 200-ზე მეტი ქვეყანაა და არა მხოლოდ გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი ხუთი წევრი.

„კაცობრიობის ბედი არ შეიძლება იმ ერთი მუჭა ქვეყნების წყალობის იმედად იყოს მიტოვებული, რომლებმაც მეორე მსოფლიო ომში გაიმარჯვეს. იმ დროს, როდესაც მსოფლიო და ჩვენი ცხოვრების თითქმის ყველა სფერო იცვლება, ხოლო დიპლომატია, ვაჭრობა და საერთაშორისო ურთიერთობები კარდინალურ გარდაქმნებს განიცდის, წარმოუდგენელია, რომ გლობალური უშიშროების არქიტექტურა ძველებური რჩებოდეს“, − აღნიშნა პრეზიდენტმა.

რეჯეფ ერდოღანი
თურქეთის პრეზიდენტი
მანამდე გერმანიის დიპლომატიური წრეებიდან ცნობილი გახდა, რომ გერმანიას გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრობა სურს. ბერლინში მიაჩნიათ, რომ საბჭო არ ასახავს საერთაშორისო ურთიერთობების ამჟამინდელ მდგომარეობას და მისი მუდმივი წევრების რაოდენობის გაზრდის ინიციატივით გამოდიან.
მსოფლიო დღეს
ბაიდენმა თურქეთს სანქციები გაუხანგრძლივა
აღნიშნულ ინიციატივას მხარს უჭერს დიდი ბრიტანეთიც. როგორც ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივ წევრებად ასევე უნდა შედიოდნენ: აფრიკის წარმომადგენლობა, ბრაზილია, გერმანია, ინდოეთი და იაპონია.
ამ დროისათვის უშიშროების საბჭოში სულ 15 ქვეყანა შედის, რომელთაგან ხუთი მუდმივი წევრია (დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, რუსეთი, აშშ და საფრანგეთი), ხოლო ათი − არამუდმივი. საბჭო ერთხელ უკვე გაფართოვდა წარსულში − 1963 წელს, როდესაც მისი წევრების რაოდენობა 11-დან 15-მდე გაიზარდა.