COVID-19 - ბოლო ცნობები

ტიკარაძე: COVID-საშვის აპლიკაციის გამოყენება შესაძლოა ბიზნესისთვის სავალდებულო გახდეს

ამ ეტაპზე ბიზნეს-ოპერატორების მხრიდან COVID-საშვის აპლიკაციის გამოყენება სარეკომენდაციო ხასიათისაა.
Sputnik
თბილისი, 18 ოქტომბერი – Sputnik. ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარების ფონზე მნიშვნელოვანია გარკვეული ირიბი რეგულაციების შემოღება, მათ შორის ბიზნესისთვის COVID-საშვის აპლიკაციის გამოყენების ვალდებულება, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
ტიკარაძის თქმით, სწორედ გარკვეული სავალდებულო ღონისძიებებით შეიძლება ვაქცინაციის წახალისება.

„მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესმა მხარი დაუჭიროს აღნიშნულ ინიციატივას და ეს აპლიკაცია გახდეს სავალდებულო ყველა დაწესებულებისთვის. თუმცა, ჩემი აზრით, პირველ რიგში იგი უნდა ამოქმედდეს ისეთ ბიზნეს-ობიექტებში, რომელიც მოსახლეობისთვის პირველადი საჭიროების არ არის“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

როგორც დღეს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, საქართველოს მთავრობა ჯერჯერობით არ განიხილავს რესტორნებში, სასტუმროებსა და სხვა ბიზნეს-ობიექტებში არავაქცინირებული პირებისთვის მომსახურებაზე შეზღუდვების დაწესებას.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ჯანდაცვის სამინისტრომ კოვიდ-საშვის ონლაინ-პლატფორმა შექმნა, რომელიც 14 სექტემბერს ამოქმედდა. აღნიშნული პორტალის მეშვეობით შესაძლებელია საქართველოს მოქალაქეებისა და უცხოელების კოვიდ-სტატუსზე ინფორმაციის მიღება ე.წ. QR-კოდის საშუალებით.
COVID-19 - ბოლო ცნობები
რესტორატორების შემდეგ კოვიდ-პორტალი ტურ-ოპერატორებს გააცნეს
ქართველი სპეციალისტები ბოლო პერიოდში შეშფოთებას გამოთქვამენ ვაქცინაციის დაბალი ტემპის გამო.
ვაქცინაციის დღიური მაჩვენებელი 5 ათასს ვეღარ აღწევს, მაშინ, როცა აგვისტოსა და სექტემბრის დასაწყისში აღნიშნული რიცხვი 20–25 ათასს აღწევდა. მთავრობის მიზანი წლის ბოლომდე ზრდასრული მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაციაა.
ამ დროისათვის ქვეყანაში ჩატარებულია 1.914.269 აცრა. ამ ეტაპზე მინიმუმ ერთი დოზით აცრილია 1.011.376 ადამიანი. ერთი ან ორივე დოზით ჯამში აცრილია ზრდასრული მოსახლეობის 35,6%. სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 902.660 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 31,6%. 17 ოქტომბერს აიცრა 2.260 ადამიანი.