დავით სერგეენკო ექს-პრეზიდენტს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

პარლამენტის ვიცე-სპიკერი დარწმუნებულია, რომ ექიმების კონსილიუმი იზრუნებს ციხეში მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე.
Sputnik
თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით სერგეენკომ ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს მოუწოდა, შეწყვიტოს შიმშილობა და არ შეუქმნას საფრთხე თავის ჯანმრთელობას.
ჟურნალისტების კითხვაზე, შეიძლება თუ არა ჯანმრთელობის მდგომარეობა სააკაშვილის გათავისუფლების საფუძველი გახდეს, სერგეენკომ უპასუხა, რომ თითოეული ადამიანის ჯანმრთელობა ერთნაირად მნიშვნელოვანია.

„აქ მე ვერ განვასხვავებ ადამიანურად და პროფესიულად ყოფილი პრეზიდენტია, თუ ვინმე სხვა პატიმარი. ყველას ჯანმრთელობა თანაბრად მნიშვნელოვანია. ნამდვილად მჯერა, რომ ექიმები, რომლებიც ჩართული არიან მისი მდგომარეობის მონიტორინგში, ყველაფერს გააკეთებენ, რომ გართულებები არ იყოს“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

უკვე ცნობილია, რომ ექიმების კონსილიუმი, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უნდა შეაფასოს, მასთან ციხეში შესვლას სამშაბათს აპირებს.
უფრო ადრე საქართველოს ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ოპოზიციისთვის მომგებიანია, სააკაშვილმა ცუდად იგრძნოს თავი, რათა ხმები გაავრცელოს მისი შესაძლო გარდაცვალების შესახებ. წულუკიანის თქმით, იმის რისკი, რომ სააკაშვილი ციხეში გარდაიცვალოს, არ არსებობს და ეს ოპოზიციის მოგონილია.
როგორ გრძნობს თავს სააკაშვილი შიმშილობის მე-17 დღეს - პირადი ექიმის მოსაზრება
სამშობლოში არალეგალურად შემოსული სააკაშვილი 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მან იმ დღესვე გამოაცხადა შიმშილობა.
საქართველოში სააკაშვილი რამდენიმე სისხლის სამართლის ფიგურანტია. ის ამჟამად რუსთავის ციხეში იმყოფება. თავის დაპატიმრებას ის უკანონოს უწოდებს და თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს, ბრალდებებს კი – გაყალბებულად.