საქართველოს ეროვნული ბანკის რეზერვები შემცირდა

პანდემიის დაწყებიდან, 2020 წლის მარტიდან ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვები 677,1 მილიონი აშშ დოლარით, 19,9 პროცენტით გაიზარდა.
Sputnik
თბილისი, 18 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვები 2021 წლის 30 სექტემბრისთვის ერთ თვეში 40,1 მილიონი აშშ დოლარით შემცირდა და 4.076,6 მლნ დოლარი შეადგინა, ნათქვამია უწყების გვერდზე გამოქვეყნებულ მასალებში.
აგვისტოში საერთაშორისო რეზერვები 244 მილიონი დოლარით გაიზარდა.
მაისის ბოლოსთვის რეზერვების მოცულობა ისტორიულ მაქსიმუმზე იყო – 4.153,5 მილიონ დოლარს შეადგენდა.
ეროვნული ბანკის ცნობით, საერთაშორისო რეზერვების შემცირება ძირითადად განპირობებული იყო ბანკებთან სვოპ-ოპერაციებით და მთავრობის სავალუტო ხარჯების გამო.
ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელი დატოვა
პანდემიის დასაწყისიდან, 2020 წლის მარტიდან საერთაშორისო რეზერვები 677,1 მილიონი დოლარით, 19,9 %-ით გაიზარდა. მიმდინარე წლის დასაწყისიდან კი ზრდამ 166 მილიონი დოლარი შეადგინა.
საერთაშორისო რეზერვების სტრუქტურა
უცხოურ ვალუტაში კონვერტირებული საერთაშორისო რეზერვები ეროვნული ბანკის ძირითად რეზერვს წარმოადგენს და 3,6 მილიარდ დოლარს შეადგენს.
მის სტრუქტურაში შედის სახსრები, რომლებიც განთავსებულია ფასიან ქაღალდებში – 2,6 მლრდ დოლარი, და ვალუტა, რომელიც ინახება უცხოური ბანკებისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) ანგარიშებზე – ერთი მილიარდი დოლარი.
საქართველოს სავალუტო ბაზარი სტაბილურია – ეროვნული ბანკის ახალი სტატისტიკა
გარდა ამისა, ეროვნული ბანკის რეზერვებში შედის სახსრები, რომლებიც განთავსებულია SDR-ში (ნასესხობის სპეციალური უფლება) – 486,5 მლნ დოლარი, ხოლო სსფ-ში სარეზერვო პოზიცია 30,7 ათას დოლარს შეადგენს. ეროვნული ბანკი სახსრებს ოქროს სახით არ ინახავს.
რაში ხარჯავს რეზერვებს ეროვნული ბანკი
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ადრე განაცხადა, რომ რეგულატორი ბაზრის სტაბილიზაციისთვის ინტერვენციების განხორციელებას გეგმავს.
„ვაანონსებ, რომ წელსაც დავხარჯავთ რეზერვებს, ოღონდ ისე, რომ რასაც განსაზღვრავს ფუნდამენტური ფაქტორები, ის ამას ვერ შეცვლის, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს ეს. იმ შემთხვევაში, თუ ამ ფუნდამენტური ფაქტორების შეცვლას შევეცდებით, ეს ორმაგად უფრო დიდი გაუფასურებით და უფრო მაღალი ინფლაციით დაგვიბრუნდება“, – განაცხადა გვენეტაძემ.
დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2009 წლის მაისიდან Bloomberg-ის სავაჭრო სისტემის ბანკთაშორის ბაზარზე გარიგებების აგრეგირების მეშვეობით განისაზღვრება. 2021 წლის 1 თებერვლიდან ქართული სავალუტო ბაზარი მთლიანად Bmatch Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობაზე გადავიდა.
სავალუტო ბაზრის დასტაბილურების მიზნით 2020 წელს ეროვნულმა ბანკმა 26 აუქციონი გამართა, რა დროსაც ჯამში 873,2 მილიონი დოლარი გაყიდა. წელს ეროვნულმა ბანკმა ცხრა აუქციონზე 332,9 მილიონი დოლარი გაყიდა.
ლარის გაცვლითი კურსის ანტირეკორდი 2020 წლის 27 მარტს დაფიქსირდა, როდესაც ეროვნული ვალუტა აშშ დოლარის მიმართ 3,4842 GEL/$1 ნიშნულამდე დაეცა.