თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. ახალგაზრდა ქალი, რომელიც გუშინ, გვიან ღამით თბილისის ცენტრში მოკლეს, რუსეთის მოქალაქე ანასტასია შატალოვა აღმოჩნდა. ის საქართველოში ხაბაროვსკიდან რამდენიმე წლის წინ ჩამოვიდა. ასეთი ინფორმაცია გავრცელდა ქართულ მასმედიაში.
ქალი საბურთალოს რაიონში უცნობმა პირმა ჩაცხრილა. შატალოვას ღამის დაახლოებით პირველ საათზე ესროლეს, როდესაც ის სახლიდან გამოვიდა. თვითმხილველის თქმით, მან შვიდი გასროლის ხმა გაიგონა.
უფრო ადრე შატალოვა სხვადასხვა ტელეარხისა და ინტერნეტ-გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუებში აცხადებდა, რომ კონფლიქტი ჰქონდა ბათუმის ყოფილ ვიცე-მერთან ზურაბ ბერიძესთან. ქალის თქმით, ბერიძე მას დაჰპირდა, რომ ცოლად მოიყვანდა, ამიტომ საცხოვრებლად თბილისიდან ბათუმში გადავიდა, დაორსულდა და მისგან ბავშვი გააჩინა.
მოგვიანებით შატალოვამ გაიგო, რომ ბერიძე უკვე დაქორწინებულია და ორი შვილი ჰყავს და განქორწინებასაც არ აპირებს. ბერიძეს მალე თავის ტვინის ოპერაცია ჩაუტარეს – მას ანევრიზმა ჰქონდა.
როგორც შატალოვა ამბობდა, ოპერაციის შემდეგ ბერიძე ძალიან აგრესიული და ეჭვიანი გახდა. წყვილი რამდენიმე წლის განმავლობაში ხან შორდებოდა, ხან ურიგდებოდა ერთმანეთს. მორიგი შერიგების შემდეგ ბერიძემ შატალოვას ნებართვით ბავშვი რამდენიმე დღით წაიყვანა, მაგრამ დედისთვის აღარ დაუბრუნებია.
შატალოვას თქმით, ბავშვს ბერიძის ცოლი ზრდიდა. ახალგაზრდა ქალმა ადვოკატი დაიქირავა და ბავშვის დაბრუნებას ცდილობდა. ამის საპასუხოდ ბერიძემ შატალოვა პროსტიტუციაში და ოქროულობის მოპარვაში დაადანაშაულა.
ახლა ბავშვი დაახლოებით ორი წლისაა. მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულ საქმეზე ბათუმის ყოფილ ვიცე-მერზე შემაკავებელი ორდერიც იყო გამოწერილი.