პენტაგონის ხელმძღვანელი: საქართველო აშშ-სთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი რეგიონია

აშშ-ის თავდაცვის მდივნის საქართველოში ვიზიტის დროს ხელმოწერილია ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს თავდაცვის და შეკავების გაძლიერების ინიციატივაზე (GDDE)
Sputnik
თბილისი, 18 ოქტომბერი - Sputnik. შეერთებული შტატებისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა, სამხედრო თანამშრომლობა, შავი ზღვის აუზის რეგიონული უსაფრთხოება და აშშ-ს მზარდი მხარდაჭერა საქართველოს ნატოში გაწევრიანებისათვის - ესაა ძირითადი საკითხები, რომლებიც აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა თბილისში ვიზიტისას განიხილა.
ოსტინმა ევროპაში ვიზიტი დაიწყო საქართველოდან, სადაც იგი ორშაბათს, 18 ოქტომბერს ჩამოვიდა. პენტაგონის ხელმძღვანელის ჩამოსვლასთან დაკავშირებით ოფიციალური ცერემონია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროში გაიმართა. იქვე შედგა მისი შეხვედრა საქართველოს თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან. ვიზიტის დროს ოსტინი შეხვდა ასევე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს.
„საქართველო ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი რეგიონია. აქ ვარ იმისთვის, რომ დავარწმუნო საქართველო და მსოფლიო ჩვენს შესანიშნავ ურთიერთობებში... დღეს აქ პირადად უნდა ვყოფილიყავი, რადგან ამერიკის შეერთებული შტატები დიდად აფასებს საქართველოს, როგორც მტკიცე სტრატეგიულ პარტნიორს“, - განაცხადა ოსტინმა ქართველ კოლეგასთან გამართულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე.
ოსტინმა უპასუხა CBS News-ის რეპორტიორის კითხვას - რეგიონში მისი სტუმრობის მიზანთან დაკავშირებით.
„საქართველოში ჩემი ვიზიტი ემსახურება პარტნიორობის დარწმუნებასა და აღიარებას. ეს არის ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი რეგიონი. ჩვენ გვაქვს ინტერესი, გვაქვს საერთო ღირებულებები, ვხედავთ მთელ რიგ შესაძლებლობებს უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გასაგრძელებლად. აქ ვარ იმისთვის, რომ დავარწმუნო, ვაღიარო ის დიდი ღირებულება, რომელსაც ჩვენს პარტნიორობას ვანიჭებთ“, – განაცხადა ლოიდ ოსტინმა.
პენტაგონის ხელმძღვანელმა ასევე მადლობა გადაუხადა საქართველოს თავდაცვის ძალებს და ქართველ ხალხს აშშ-ის და ნატოს ურყევი მხარდაჭერისთვის ავღანეთში და აღნიშნა, რომ საქართველოს წვლილი ავღანეთის მისიაში განუზომლად დიდია.
მსოფლიო დღეს
ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ტურნეს იწყებს
„ხაზს გავუსვამ კრიტიკულ როლს, რომელიც საქართველომ შეასრულა ჩვენს დახმარებაში, ჩვენთან ერთად. ვმსახურობდი ერაყსა და ავღანეთში. შემიძლია ჩემი უშუალო გამოცდილებით გითხრათ, რომ საქართველოს შესანიშნავი სამხედროები ჰყავს. საქართველოს აქვს ნამდვილად ყველანაირი უფლება, იამაყოს მისი წვლილით, მისი სამხედროებით, მაგრამ მოგეხსენებათ, ეს ორი ომი არ განსაზღვრავს ჩვენს ურთიერთობებს. ჩვენ გვაქვს საერთო ინტერესები, რომლებზეც მუშაობას გავაგრძელებთ, გავაძლიერებთ სამომავლოდ პარტნიორობას. კვლავ მსურს, დავარწმუნო საქართველო და სამყარო შესანიშნავი ურთიერთობების არსებობაში, რომელიც გვაქვს“, – განაცხადა ლოიდ ოსტინმა.
გარდა ამისა, მხარეებმა განიხილეს შეიარაღებისა და აღჭურვილობის მოდერნიზაციასთან დაკავშირებული საკითხები, ნატოსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობა, შეერთებული შტატებისა და საქართველოს მრავალეროვნული წვრთნები და შავი ზღვის უსაფრთხოების კონცეფციის პრაქტიკული განხორციელების პერსპექტივები.
აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი საქართველოში ვიზიტის დროს
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს და შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროებს შორის გაფორმებული შეთანხმების მნიშვნელობას, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას და მის მიერ აგრესიის შეკავების შესაძლებლობას.
„ეს ინიციატივა ნიშნავს ამაღელვებელ ახალ ფაზას უსაფრთხოების ორმხრივ თანამშრომლობაში ჩვენს ქვეყნებს შორის. ჩვენ ნამდვილად გამოვიყენებთ ბაზად საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამას და გავაგრძელებთ ინსტიტუციური რეფორმების მხარდაჭერას საქართველოს თავდაცვის სექტორში, გავაძლიერებთ შესაძლებლობებს და უნარს, რომელიც აუცილებელია ეფექტიანი შეკავებისა და თავდაცვისათვის. ხელს შევუწყობთ, ასევე, საქართველოს ურთიერთთავსებადობას ნატოსთან“, - განაცხადა ოსტინმა.

შეხვედრა პრემიერთან

პრემიერი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოში ოსტინის პირველი ოფიციალური ვიზიტი, რომლის დროსაც ხელმოწერილია ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს თავდაცვის და შეკავების გაძლიერების ინიციატივაზე (GDDE), ხაზს უსვამს „შეერთებული შტატების უწყვეტ ინტერესსა და ჩართულობას შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში“.
ოსტინმა და ღარიბაშვილმა დადებითად შეაფასეს საქართველოს პროგრესი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. მხარეებმა აღნიშნეს ნატოს მომავალი სამიტის მნიშვნელობა, რომელიც საქართველოს პროგრესის აღიარებისთვის კარგ შესაძლებლობებს აჩენს.
ნატო საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობას გააძლიერებს
ღარიბაშვილის განცხადებით, აშშ-ის ჩართულობას ნატოს წევრ ქვეყნებს შორის კონსენსუსის მიღწევის თვალსაზრისით „გადამწყვეტი მნიშვნელობა“ აქვს.
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა თავისი ოფიციალური ვიზიტი დაასრულა საქართველოს თავდაცვის მინისტრთან და თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან ერთად სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო ბაზის მონახულებით.
აშშ-ის თავდაცვის მდივანი ქართულ-ამერიკულ „გაერთიანებული ერთობლივი გაცვლითი წვრთნების“ (JCET) მიმდინარეობას გაეცნო. ქართველმა და ამერიკელმა სამხედრო მოსამსახურეებმა ერთობლივი სამედიცინო ევაკუაციის საჩვენებელი სწავლება ჩაატარეს.