დღეს გაგაცნობთ ექიმს, რომელთან მოხვედრაც პაციენტებისთვის აპრიორი გადარჩენის, განკურნების ტოლფასია. საუბარია ქალბატონ ლეილა ოტიაშვილზე, რომელიც საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალსის“ მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის თერაპიული მიმართულების „კოვიდ-განყოფილების“ ხელმძღვანელია, ასევე გახლავთ თბილისის „საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრის“ ექიმ-სპირომეტრისტი.
თავიდან საგარეჯოს პოლიკლინიკაში უბნის ექიმად დაიწყო მუშაობა. ამის შემდეგ ბევრი წელი მთავარი ექიმი იყო. მანვე დააარსა საოჯახო მედიცინის სასწავლო ცენტრი, სადაც საერთაშორისო პროექტების ფარგლებში 100-ზე მეტი ოჯახის ექიმის და 150-მდე ოჯახის მედდის გადამზადება მოხდა. მიწვეული იყო არაერთ საერთაშორისო სამედიცინო კონფერენციაზე. ჩვენთან საუბარში ის პროფესიული განვითარების გზას იხსენებს და სამედიცინო სფეროში შექმნილი სიტუაციის მიზეზებს განმარტავს.
ლეილა ოტიაშვილი
© photo: courtesy of Leyla Otiashvili
- ქალბატონო ლეილა, როდესაც ექიმის პროფესია აირჩიეთ, მაშინ საქართველოში ერთადერთი სამედიცინი ინსტიტუტი არსებობდა და იქ ჩაბარება საკმაოდ პრესტიჟული და რთული იყო. რამდენად იყავით დარწმუნებული არჩევანის სისწორეში?
- გასული საუკუნის 80-იან წლებში სამედიცინო ინსტიტუტში ჩაბარება მართლაც რთული იყო. საზოგადოებაში არსებობდა აზრი, რომ სამედიცინოზე ვერ მოეწყობოდი, თუ არ გქონდა ფული და არ გყავდა გავლენიანი მფარველი, ვინც ლობირებას გაგიწევდა. მე არც ერთი მქონდა და არც მეორე მყოლია. ამიტომაც ოჯახიდან გარკვეული წინააღმდეგობა შემხვდა. ერთადერთი, ვინც ჩემ გადაწყვეტილებას ემხრობოდა, დედა იყო. კიდევ დამეხმარა ჩემი ღრმა რწმენა, რომ ცოდნა ყოველთვის იმარჯვებს. ასე რომ, ჩემ შემთხვევაში რწმენამ და დედამ გაიმარჯვეს.
ლეილა ოტიაშვილი
© photo: courtesy of Leyla Otiashvili
- არასოდეს გაგჩენიათ სინანული ასეთი არჩევანის გამო?
- როცა მეკითხებიან, სირთულის გამო ისევ თუ აირჩევდი ექიმის პროფესიასო, სადღაც წაკითხული მახსენდება: ექიმობა ისეთი პროფესიაა, როცა საკუთარი ნებით ამბობ უარს ყველაფერ ადვილზე. ეს არის მთელი ცხოვრების მანძილზე 24-საათიანი სამუშაო რეჟიმი, როცა წინასწარ იცი, რომ არ გექნება საკმარისი ძილი, სრულფასოვანი კვება და ნორმალური დასვენება. მზად უნდა იყო დაუმსახურებელი საყვედურების მოსასმენად და შეურაცხყოფისთვისაც. არ გექნება მაღალი ხელფასი და, რაც ყველაზე გულსატკენია, ყოველთვის არ გექნება განსაკუთრებული პოზიტიური დამოკიდებულება საზოგადოებისგან. აი, ამ ყველაფრისთვის მზად უნდა იყო.
ლეილა ოტიაშვილი
© photo: courtesy of Leyla Otiashvili
- თქვენ იყავით ყველაფერ ამისთვის მზად?
- დღეს, რა თქმა უნდა, მზად ვარ, მაგრამ ვერ გეტყვით, 17 წლის გოგო რამდენად ვაცნობიერებდი ზემოთქმულს. ერთ რამეში ნამდვილად დარწმუნებული ვიყავი, რომ სამყაროში ყველაზე რთულ პროფესიას ვირჩევდი, რა დროსაც სხვისი სიცოცხლის გადარჩენის ფლაგმანი ხდები - ეს ყველაზე დიდი ბედნიერებაა და მე ბედნიერი ვარ. ინსტიტუტის მერე მუშაობა საგარეჯოს პოლიკლინიკაში უბნის ექიმად დავიწყე. მერე მრავალი წელი ვიმუშავე მთავარ ექიმად, დავაარსე საოჯახო მედიცინის სასწავლო ცენტრი, სადაც საერთაშორისო პროექტების ფარგლებში 100-ზე მეტი ოჯახის ექიმი და 150-მდე ოჯახის მედდა გადავამზადე.
ლეილა ოტიაშვილი
© photo: courtesy of Leyla Otiashvili
- საკმაოდ ხანგრძლივი დროის მანძილზე ეწეოდით სამეცნიერო საქმიანობას, ექიმობის ნოსტალგია არ გქონდათ მაშინ?
- დიახ, ხანგრძლივი საორგანიზაციო და სამეცნიერო მუშაობის მიუხედავად, ექიმობის ნოსტალგია ყოველთვის მქონდა. თუმცა იმუნოლოგიაში სამეცნიერო გამოცდილება დღევანდელი კოვიდ-პაციენტების მკურნალობაში კარგად მეხმარება. 90-იან წლებში ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის პულმონოლოგიის კათედრაზე ვმუშაობდი სადისერტაციო თემაზე, რომელიც ეხებოდა ფილტვების დაავადებების იმუნოლოგიურ დიაგნოსტიკას.
ლეილა ოტიაშვილი
© photo: courtesy of Leyla Otiashvili
- თავის დროზე რატომ გახდა გადასარჩენი დღეს ისეთი წარმატებული პროექტი, როგორიცაა ოჯახის ექიმის ინსტიტუტი?
- საქმე ისაა, რომ პირველადი ჯანდაცვის ორგანიზატორები 2009 წლიდან ვიბრძოდით „ოჯახის ექიმის ინსტიტუტის“ გადასარჩენად, რაშიც უცხოელი ექსპერტებიც გვეხმარებოდნენ. ისინი ძირითადად ევროკავშირიდან იყვნენ, ვისი პროექტითაც მოვამზადეთ ოჯახის ექიმები და მედდები. მათი მიზანი ამ პროექტის ბოლომდე მიყვანა იყო. მაშინ ერთობლივი ძალისხმევით მოვახერხეთ ნგრევის შეჩერება. თუმცა ორი წლის შემდეგ ეს გამანადგურებელი ტალღა ისევ აგორდა. სხვადასხვა კომპანიებმა ჩალის ფასად შეისყიდეს პირველადი ჯანდაცვა და ის ჰოსპიტალურ სექტორს დაუქვემდებარეს. რაც უდიდესი და გამოუსწორებელი შეცდომა იყო. ოჯახის ექიმის ძირითადი მახასიათებელი არის ავტონომიურობა, ასეა ყველა ქვეყანაში. წლების განმავლობაში ოჯახის ექიმებს თანდათან ჩამოაცილეს ფუნქციები, რაშიც დამნაშავე ჯანდაცვის არასწორი სტრატეგიაა. შედეგიც სახეზეა: დღეს, კაცობრიობისთვის ყველაზე მძიმე ჟამიანობისას, ოჯახის ექიმის ინსტიტუტი პარალიზებულია.
ლეილა ოტიაშვილი
© photo: courtesy of Leyla Otiashvili
- რა შედეგები მოჰყვა ამას, თქვენი რაიონის მაგალითზე რისი თქმა შეგიძლიათ?
- რთული შედეგები. კერძოდ, ის, რომ სიცხიანი და დაუძლურებული კოვიდ-პაციენტი დღეების განმავლობაში ელოდება უცნობი ონლაინ ექიმის სანუკვარ ზარს. ასეთი ექიმი კი კახეთის რეგიონში თითზე ჩამოსათვლელია. ეს რესურსი შეიძლება ერთ რაიონს ძლივს ეყოს. დღეს მივიღე სამი პაციენტი, აქედან ორი მათგანი რვა დღეა ელოდებოდა ექიმის ზარს. არ მინდა შიდა საკითხებზე საუბარი, ადამიანები ისედაც მძიმე სტრესის ქვეშ იმყოფებიან, მაგრამ ვინმე ოდესმე დაინტერესდება ამ საჭირბოროტო საკითხით? მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ სიკვდილიანობის 70--80% დაგვიანებულ შემთხვევებზე მოდის.
ლეილა ოტიაშვილი
© photo: courtesy of Leyla Otiashvili
- სიტუაციას ალბათ ართულებს ისიც, რომ მოსახლეობის ვაქცინაცია არასასურველი ტემპით მიდის...
- ჩემი თხოვნა-მუდარა იმის თაობაზე, რომ ვაქცინაცია ჩაიტარონ, რამდენჯერმე დავპოსტე სოციალურ ქსელებში. იმის გამო, რომ საკმაოდ დიდია მომართვიანობა, კლინიკაში ადგილების დეფიციტია. ზოგჯერ ისიც ხდება, რომ მძიმე, გალურჯებული პაციენტები თავის რიგს დერეფანში ელოდებიან. ხშირად სატელეფონო ზარებსაც ვერ ვპასუხობ. ამიტომ მინდა კიდევ ერთხელ მივმართო ყველას: გემუდარებით, გთხოვთ, გირჩევთ, აიცერით! ნუ დადიხართ ინფიცირებული ქუჩაში! ექიმების რესურსი იწურება. თუ გიყვართ ქვეყანა და ერთმანეთი, გსურთ გადაარჩინოთ ოჯახები, მაშინ აუცილებლად ჩაიტარეთ ვაქცინაცია..
ლეილა ოტიაშვილი
© photo: courtesy of Leyla Otiashvili
- ხშირია შემთხვევები, როცა ბინაზე მყოფ პაციენტებს არაპროფესიონალები მკურნალობენ?
- დიახ, ნამდვილად ასეა. ამ ხნის მანძილზე მდგომარეობა დინამიკაში მკვეთრად იმიტომაც დამძიმდა, რომ პაციენტებს სახლებში ხშირად არასპეციალისტები მკურნალობენ. განსაკუთრებით ზენიტს მიაღწია ანტიბიოტიკებით აბსოლუტურად არამიზნობრივმა, სისხლის ანალიზების გარეშე დანიშნულმა მკურნალობამ, რაც ყველა ქვეყანაში დანაშაულად ითვლება. უმრავლეს შემთხვევაში ზუსტად ასეთი არამიზნობრივი მკურნალობა ამძიმებს პაციენტის მდგომარეობას. როდესაც ასეთი ავადმყოფი ხვდება ჩვენთან, ამ მდგომარეობიდან მათი გამოყვანა რთულია და უმრავლესობა რეანიმაციულ დახმარებას საჭიროებს. ამაზე ხშირად ვლაპარაკობ, ბევრჯერ კონფლიქტიც მომსვლია, რადგან ნერვები მღალატობს. ვფიქრობ, ზუსტად ამ უმძიმესი პანდემიის ჟამს უნდა გვახსოვდეს, რომ თუ ვერ მკურნალობ, ,,არ ავნო!“
ლეილა ოტიაშვილი
© photo: courtesy of Leyla Otiashvili
- გადარჩენილი პაციენტები სოციალური ქსელების თქვენს გვერდზე ხშირად გამოთქვამენ თქვენს მიმართ მადლიერებას და ეს ალბათ ყველაზე დიდი ჯილდოა ექიმისთვის...
- შეუდარებელია სიხარული, როცა შენ თვალწინ სიცოცხლე ამარცხებს სიკვდილს, რაც უფლის ნებით ხდება და, როგორც ექიმი, უპირველეს ყოვლისა, ღმერთის მადლიერი ვარ. როცა გამოჯანმრთელებული პაციენტი გემშვიდობება და გეუბნება, გმადლობთ, მიყვარხართ, არასდროს დაგივიწყებთ, რადგან თქვენ მე სიცოცხლე მაჩუქეთო, ეს დიდი ბედნიერებაა და კიდევ უფრო რწმუნდები, რომ მოდუნების უფლება არ გაქვს.
ლეილა ოტიაშვილი
© photo: courtesy of Leyla Otiashvili
- მართალია, პროგნოზები უმადური საქმეა, მაგრამ მაინც, როგორია თქვენი პროგნოზი?
- მჯერა, რომ მედიცინა დაამარცხებს 21-ე საუკუნის უდიდესი პანდემიის შემოქმედს - კორონავირუსს და დედამიწაზე მშვიდი და უსაფრთხო ცხოვრება დაბრუნდება. ისიც მჯერა, რომ ადამიანები უფრო მეტად შევიგრძნობთ სიცოცხლის მშვენიერებას და კიდევ უფრო დავაფასებთ მას. ამდენი ადამიანური ტკივილის მომსწრე, ახლა, ალბათ როგორც არასდროს, მივხვდი იმას, რომ უფრო მეტად უნდა გვიყვარდეს და გავუფრთხილდეთ ერთმანეთს...