თბილისი, 18 ოქტომბერი – Sputnik. მარათონმა „საქართველოს სამსახურში ვიცრებით ერთმანეთისთვის“ სტარტი გორის მუნიციპალიტეტიდან აიღო, ნათქვამია გორის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში ვაქცინაციის სივრცეები გორის მუნიციპალიტეტის სოფლების - ხიდისთავის, კარალეთისა და ხელთუბნის ამბულატორიები მოეწყო.
„დღეს სამივე სოფელში საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე იმყოფებოდნენ. ისინი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმუნიზაციის პროცესს გაეცნენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
მარათონის ფარგლებში მოქალაქეებს საშუალება ექნებათ მიიღონ სანდო და კვალიფიციური ინფორმაცია დარგის წამყვანი სპეციალისტებისგან, სურვილის შემთხვევაში კი ადგილზე აიცრან.
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მარათონი ოქტომბრის მეორე ნახევარში დაიწყო, რომელიც მოიცავს 68 დასახლებულ პუნქტს, სადაც 250 ათასი ადამიანი ცხოვრობს. აქციის მიზანია - საინფორმაციო შეხვედრების პარალელურად სამ კვირაში მოხდეს ადგილობრივი მოსახლეობის დაახლოებით 60%-ის ვაქცინაცია.
მარათონის მხარდამჭერები არიან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, გაეროს წარმომადგენლობა საქართველოში და გაეროს განვითარების სააგენტო ( UNDP).
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო, ხოლო მასობრივი ხასიათი ვაქცინაციის ეროვნულმა კამპანიამ 5 ივლისიდან მიიღო.
18 ოქტომბრის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 1.914.269 აცრა. თუნდაც ერთი დოზით ვაქცინირებულია1.011.376 ადამიანი - ზრდასრული მოსახლეობის 35,6%. სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 902.660 ადამიანი - ზრდასრული მოსახლეობის 31,6%. 17 ოქტომბერს აიცრა სულ 2.260 ადამიანი.