ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ინდიან ველსის მასტერსზე ნახევარფინალში ამერიკელ ტეილორ ფრიტცს მოუგო და კარიერაში პირველად ფინალში გავიდა. ფინალში ბასილაშვილი დაუპირისპირდა ბრიტანელ კემერონ ნორის, რომელმაც, თავის მხრივ, ორ სეტში ბულგარელ გრიგორ დიმიტროვს მოუგო.
ბასილაშვილი და ნორი მანამდე ერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს – როტერდამში ჰარდის კორტებზე. ბრიტანელმა მაშინ ბასილაშვილი ორ სეტში დაამარცხა – 6:0, 6:3. ინდიან უელსის მასტერსის ფინალში კი ნიკოლოზ ბასილაშვილი კამერონ ნორისთან სამ სეტში 6:3, 4:6, 1:6 დამარცხდა. მატჩი 1 საათი და 51 წუთი მიმდინარეობდა.
შეხვედრის შემდეგ ბასილაშვილის საცოლემ, გერმანელმა ჩოგბურთელმა შარლოტა ჰელენმა „ინსტაგრამის“ პირად გვერდზე ბასილაშვილის ფოტო და გულის ამაჩუყებელი ტექსტი გამოაქვეყნა.
„ამაყი ვარ მეტი რომ არ შეიძლება ისე, მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი საღამო არ დამთავრდა ისე, როგორც ჩვენ გვინდოდა. შეგიძლია იამაყო შენი თავით. შენ გააკეთე საოცარი საქმე. დიდ პატივს გცემ, რადგან ყოველთვის პოზიტიურად ხარ განწყობილი, ყოველთვის გჯერა, არასოდეს ნებდები და არასდროს წყვეტ ბრძოლას. კრიტიკა ვერ გაშინებს. ყოველდღე მუშაობ უფრო და უფრო თავდაუზოგავად. ყოველთვის ღიმილს გვრი შენს ირგვლივ მყოფებს, შენს საყვარელ ხალხზე ზრუნავ და საკუთარ თავს ყველაზე ბოლოს აყენებ. შენ ხარ მტკიცებულება, რომ დიდი შრომა შედეგს ყოველთვის გამოიღებს. მხოლოდ ვინც გიცნობს, მან იცის, როგორი განსაკუთრებული ხარ და რა საოცარი სულის პატრონი. მე შენ მიყვარხარ“, – დაწერა შარლოტა ჰელენმა.
წელიწადზე მეტია, რაც ნიკოლოზ ბასილაშვილსა და მის ყოფილ მეუღლე ნეკა დოროყაშვილს შორის სკანდალი გრძელდება. წყვილის სასამართლო პროცესი მაისის შემდეგ რამდენჯერმე გაიმართა, თუმცა საქმეზე განაჩენი ჯერჯერობით არ არის გამოტანილი.
მას შემდეგ, რაც წყვილის განქორწინებისა და სასამართლო დავის შესახებ ოფიციალურად გაცხადდა, მედია წერდა, რომ დოროყაშვილმა ყოფილ ქმარს მას შემდეგ უჩივლა, როდესაც გაიგო, რომ მის ცხოვრებაში ახალი ქალი გამოჩნდა.
შარლოტა ჰელენი ჩოგბურთელმა პირველად სამშობლოში პანდემიისას ჩამოიყვანა. სპორტსმენი ქალი თვეებია უკვე აქტიურად ჩანს ბასილაშვილის ცხოვრებაში. პერიოდულად „ინსტაგრამზე“ „სთორებში“ საყვარელი მამაკაცის თამაშებიდან მოკლე ვიდეოებსაც აქვეყნებს.