საქართველოს სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი ეწვევა

სლოვაკ მინისტრთან ერთად, საქართველოს ესტუმრება სლოვაკური ბიზნეს-დელეგაცია.
Sputnik
თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს 17-18 ოქტომბერს ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი ივან კორჩოკი ეწვევა, იუწყება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
ვიზიტის ფარგლებში ივან კორჩოკი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან, კახა კუჭავასთან. სლოვაკეთის პირველი დიპლომატი ასევე შეხვდება თავის ქართველ კოლეგას, დავით ზალკალიანს.
უწყების ცნობით, სლოვაკ მინისტრთან ერთად საქართველოს სლოვაკური ბიზნეს-დელეგაცია ეწვევა.
ზურაბიშვილმა სლოვაკეთის არჩეულ პრეზიდენტს წარმატება უსურვა
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი ბიზნეს-ფორუმის გამართვა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სავაჭრო-სამრეწველო პალატის ჩართულობით.
საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ივან კორჩოკი პატივს მიაგებს ქვეყნის ერთიანობისათვის დაღუპულ მებრძოლებს და გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს, ასევე საპატიო სტუმრების წიგნში ჩანაწერს გააკეთებს.
საქართველომ და სლოვაკეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1993 წლის იანვარში დაამყარეს. ქვეყნებმა გააფორმეს ხუთი ხელშეკრულება და რამდენიმე უწყებათაშორისი შეთანხმება. საქართველოს საელჩო სლოვაკეთში 2006 წელს გაიხსნა, ხოლო სლოვაკეთის საელჩო საქართველოში - 2014 წელს.