თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. ექიმების კონსილიუმი, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე იმსჯელებს, სამშაბათზე ადრე უნდა შეიკრიბოს, განაცხადა სააკაშვილის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ, რომელმაც დღეს რუსთავის მე-12 დაწესებულებაში პატიმარი მოინახულა.
„ჩემი რჩევა და რეკომენდაციაა, რომ ეს კონსილიუმი შედგეს უფრო ადრე, ვიდრე სამშაბათს“, - განაცხადა ყიფშიძემ.
მისი თქმით, შიმშილობის მე-17 დღეს ყოფილ პრეზიდენტს სისუსტე და ფერმკრთალობა აღენიშნება.
ამასთან, ბოლო ანალიზების პასუხები წინა ანალიზების პასუხებისგან არსებითად არ განსხვავდება და, ყიფშიძის თვალსაზრისით, ამ ეტაპზე მას ჰოსპიტალიზაცია არ ესაჭიროება.
„მორალურად ძალიან კარგად არის, მაგრამ უჭირს სიარული. აქვს სისუსტე და უფერულობა... ჰოსპიტალიზაცია ამ წუთში საჭირო არ არის... წინა შეხვედრასთან შედარებით უფრო სუსტია“, - განაცხადა ყიფშიძემ.
ექიმების კონსილიუმი, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უნდა განიხილოს, მის მონახულებას სამშაბათს გეგმავს.
თავის მხრივ, ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ოპოზიციას აწყობს, რომ სააკაშვილი იყოს ცუდად და „იძახოს, რომ სააკაშვილი კვდება“. მისი თქმით, არ არის არავითარი საფრთხე იმისა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობას რამე ემუქრებოდეს. წულუკიანის თქმით, მისი ჯანმრთელობის შესაძლო გაუარესების შესახებ ხმები ოპოზიციის „გამოგონილია“.
სააკაშვილი სასჯელს ორ სისხლის სამართლის საქმეზე იხდის. დაპატიმრების შემდეგ მან გამოაცხადა შიმშილობა, რომელიც უკვე მე-17 დღე გრძელდება.
სააკაშვილის წინააღმდეგ, რომელიც სამშობლოში არალეგალურად სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა, საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
ექს-პრეზიდენტს დაუსწრებლად განაჩენი გამოტანილი აქვს ორ საქმეზე – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა ამნისტიის და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. გარდა ამისა, სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის", 7 ნოემბრის დარბევის, პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და ბიუჯეტის თანხების გაფლანგვაში. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლო განხილვები მიმდინარეობს.
თავად სააკაშვილი საკუთარ თავს პოლიტპატიმარს უწოდებს.