პარიზის გრანდ სლემზე ქართველმა ძიუდოისტებმა სამი მედალი მოიპოვეს

საერთო ჯამში ქართველმა ძიუდოისტებმა პარიზში ოთხი მედალი აიღეს და საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა მეშვიდე ადგილი დაიკავა
Sputnik
თბილისი, 17 ოქტომბერი – Sputnik. ქართველმა ძიუდოისტებმა პარიზში გრანდ სლემის სერიის ტურნირის დასკვნით დღეს სამი მედალი მოიპოვეს.
ტატო გრიგალაშვილი (-81 კგ) ტურნირის ვერცხლის პრიზიორი გახდა, ხოლო ლუკა მაისურაძემ (-90 კგ) და ონისე სანებლიძემ (-100 კგ) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
გრიგალაშვილი ფინალში იაპონელ სასაკი ტაკეშისთან დამარცხდა. ქართველი ძიუდოისტისთვის ეს პირველი ვერცხლია გრანდ სლემის სერიის ტურნირებზე. მანამდე გრიგალაშვილს აქტივში ჰქონდა ერთი გამარჯვება და ორი მესამე ადგილი.
ძიუდო: ეთერ ლიპარტელიანმა პარიზში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
რაც შეეხება მაისურაძეს, ქართველმა ძიუდოისტმა დიდი სლემის ბრინჯაო კარიერაში მესამედ მოიპოვა, ხოლო სანებლიძისთვის ეს პირველი კვარცხლბეკია მსგავსი დონის ტურნირებზე.
საერთო ჯამში ქართველმა ძიუდოისტებმა პარიზში ოთხი მედალი აიღეს. მანამდე ეთერ ლიპარტელიანი 57 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.
საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა მეშვიდე ადგილი დაიკავა. გამარჯვებულია იაპონიის ნაკრები, რომლის ანგარიშზეა 11 ჯილდო (7-2-2). მეორე ადგილი დაიკავეს რუსეთის წარმომადგენლებმა (2-2-0), ხოლო პორტუგალია მესამე ადგილზეა (1-0-1).