თბილისი, 17 ოქტომბერი – Sputnik. კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ბოლო დღეებში სერიოზულად გაიზარდა და ეს პანდემიის მეხუთე ტალღის დასაწყისია, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მთავარი ეპიდემიოლოგის თქმით, მეხუთე ტალღა საკმაოდ მაღალი ნიშნულით იწყება და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რეკომენდაციების დაცვა: პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა, უარის თქმა მასობრივ თავშეყრებზე და დროული ვაქცინაცია.
„ბოლო კვირის განმავლობაში განსაკუთრებით გაუარესებულია სიტუაცია სამ რეგიონში: კახეთში, იმერეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში, სადაც შედარებით დაბალია აცრით მოცვის მაჩვენებელი. შედარებით უკეთესია სიტუაცია აჭარასა და თბილისში, რადგან ორივე რეგიონში აცრით მოცვის მაჩვენებელი სხვა რეგიონებთან შედარებით უფრო მაღალია. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვთხოვ მოსახლეობას, რომ აიცრას“, - განაცხადა გამყრელიძემ.
ეპიდემიოლოგის თქმით, საჭიროა კიდევ 1 მილიონი ადამიანის ვაქცინაცია, რათა საქართველო მშვიდად შეხვდეს ახალ წელს. რაც შეეხება ახალი შეზღუდვების დაწესებას, ამ საკითხს საკოორდინაციო საბჭოზე განიხილავენ.
„რა იქნება ჩემი რეკომენდაცია ეპიდვითარების გაუარესების ფონზე, ამას მე აქ ღიად ვერ განვაცხადებ, ამას განიხილავს საკოორდინაციო საბჭო. აღსანიშნავია, რომ იწყება ვაქცინაციის მარათონი და ვნახოთ რა შედეგს მოიტანს, 160 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს ამ 49 სოფელში, სადაც ჩვენ მარათონს გავმართავთ და ვნახოთ როგორი იქნება დამყოლობა და აქტივობა, ბევრი რამე მათზეა დამოკიდებული. უნდა გავითავისოთ კარგად, რომ ამ ეპიდემიას მხოლოდ აცრა აკავებს“, – განაცხადა გამყრელიძემ.
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მარათონები ოქტომბრის მეორე ნახევარში დაიწყება. იმუნიზაციის კვირეული დაიწყება არეალიდან, რომელიც მოიცავს 68 დასახლებულ პუნქტს, სადაც 250 ათასი ადამიანი ცხოვრობს. აქციის მიზანია - საინფორმაციო შეხვედრების პარალელურად სამ კვირაში მოხდეს ადგილობრივი მოსახლეობის დაახლოებით 60%-ის ვაქცინაცია.
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო, ხოლო მასობრივი ხასიათი ვაქცინაციის ეროვნულმა კამპანიამ 5 ივლისიდან მიიღო.
17 ოქტომბრის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 1.911.877 აცრა. თუნდაც ერთი დოზით ვაქცინირებულია 1.010.739 ადამიანი - ზრდასრული მოსახლეობის 35,6%. სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 900.916 ადამიანი - ზრდასრული მოსახლეობის 31,5%. 16 ოქტომბერს აიცრა 4.681 ადამიანი.