„მათ არაფერი მოუთხოვიათ“: ილია მეორე ვეტერანების დღესთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ქვეყნის წინაშე ვეტერანების უანგარო ღვაწლი აღნიშნა.
Sputnik
თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ვეტერანების დღესთან დაკავშირებით, რომელიც ხვალ, 17 ოქტომბერს აღინიშნება, მიმართვა გაავრცელა, რომელიც საპატრიარქოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ილია მეორემ ქვეყნის წინაშე ვეტერანების უანგარო ღვაწლი აღნიშნა.

„ბევრი მათგანი ზეციური საქართველოს მკვიდრი გახდა, ბევრიც კვლავ ჩვენს გვერდით არის და აგრძელებს ცხოვრებას... უნდა ითქვას, რომ გაწეული ღვაწლისთვის ვეტერანებს სანაცვლო პატივი თითქმის არასდროს რგებიათ და არც არაფერი მოუთხოვიათ. ესაა სწორედ ქვეყნის სიყვარული“, - ნათქვამია ილია მეორის მიმართვაში.

მან უფალს შესთხოვა, აცხონოს გარდაცვლილ ვეტერანთა სულები, ხოლო ცოცხლები დალოცა.
დევნილ ვეტერანთა ოჯახებს ქუთაისსა და ზუგდიდში საცხოვრებელი ბინები გადაეცათ
„საქართველოს ეკლესიის წმინდანთა მეოხებით იმქვეყნად წასულნი უფალმა აცხოვნოს და სავანესა მართალთასა დააწესოს. ხოლო აქ მყოფთ და მათი ოჯახის წევრებს თვისი წყალობა მიჰფინოს და ჭეშმარიტების გზით ატაროს. უანგარო მსახურნი ღმერთმა კვლავაც უმრავლოს საქართველოს!“ - ნათქვამია პატრიარქის მიმართვაში.
2021 წლის 13 ოქტომბრის მონაცემებით, რომლებსაც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს, ვეტერანების, ვეტერანებთან გათანაბრებულ პირთა და მათი ოჯახის წევრების რაოდენობა 66.479 ადამიანს შეადგენს. მათ შორის მეორე მსოფლიო ომის 220 ვეტერანია, 2.702 ადამიანი - სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების ვეტერანია, 30.879 ადამიანი - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების ვეტერანია (აქედან 19.880 - 2008 წლის ომის ვეტერანია), 1.025 - თავდაცვის ძალების ვეტერანია.
საქართველოში ვეტერანის დღე 2014 წლიდან აღინიშნება. 1995 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა შესახებ“, რაც შემდგომში ვეტერანის დღის დაწესების საფუძველი გახდა.