COVID-19 - ბოლო ცნობები

გიგი უგულავა კარანტინის წესების დარღვევისთვის დააჯარიმეს

ფოთის მერობის კანდიდატი 12 დღიან თვითიზოლაციაში უნდა ყოფილიყო. მიუხედავად ამისა, კორონავირუსით ინფიცირებიდან 7 დღეში ის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე გამოჩნდა.
Sputnik
თბილისი, 16 ოქტომბერი - Sputnik. ფოთის მერობის კანდიდატი გაერთიანებული ოპოზიციიდან გიგი უგულავა იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის 2.000 ლარით დაჯარიმდა, ინფორმაციას „პირველი არხი“ ავრცელებს.
გიგი უგულავამ 7 ოქტომბერს საკუთარ facebook-გვერდზე გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მას კორონავირუსი დაუდასტურდა. მიუხედავად ამისა, პოლიტიკოსი ვირუსის დადასტურებიდან მეშვიდე დღეს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე გამოჩნდა, რომელიც 14 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე გაიმართა. მან სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ექიმებმა აქციაზე გასვლის უფლება მისცეს.
უგულავას საქციელს ვერაფრით გავამართლებ – დავით სერგეენკო
მოგვიანებით უგულავამ განმარტა, რომ თავისუფლების მოედანზე მისვლით მან ამერიკული პროტოკოლით იხელმძღვანელა. მისი თქმით, პროტოკოლის მიხედვით აცრილ ადამიანს ერთკვირიანი იზოლაცია ეკუთვნის.
„ამერიკის პროტოკოლით, აცრილზე 7-8 დღეა. მე ამით ვხელმძღვანელობ და არა ამ აფერისტების მიერ მოგონილი დრაკონული სისულელეებით“, – აღნიშნა გიგი უგულავამ.
უგულავამ თავის facebook-გვერდზე პარასკევს გაავრცელა PCR-ტეტსის უარყოფითი პასუხიც, რომელიც 15 ოქტომბრით არის დათარიღებული. მისი თქმით, ის 14 ოქტომბერსაც სრულიად ჯანმრთელი იყო და არასდროს არც თავის და მითუმეტეს არც სხვის ჯანმრთელობას საფრთხეში არ ჩააგდებს.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა შემთხვევაში თვითიზოლაციის ვადა 12 დღეა. თვითიზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევა ითვალისწინებს პირის 2 ათასი ლარით დაჯარიმებას.