ენდოკრინოლოგი შიმშილობის შედეგებზე: სააკაშვილი წვენსა და თაფლზე დიდხანს ვერ გაძლებს

შიმშილობის მაქსიმალური ვადა დამოკიდებულია ორგანიზმზე და შემოიფარგლება 40 დღით, აღნიშნა ექიმმა
Sputnik
თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. ადამიანი ვერ იცოცხლებს დიდხანს, თუ მხოლოდ წვენსა და თაფლს იღებს, თუმცაღა ეს შიმშილობის ვადას გაახანგრძლივებს, განუცხადა Sputnik-საქართველოსთან ინტერვიუში ენდოკრინოლოგმა თამარ ზერეკიძემ.
შიმშილობის თემა განსაკუთრებით აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. ციხეში ყოფნასთან დაკავშირებით პროტესტის ნიშნად სახელმწიფოს ყოფილი მეთაური რუსთავის მე-12 დაწესებულებაში უკვე მე-16 დღეა შიმშილობს. ადვოკატების მონაცემებით, ყოფილი პრეზიდენტი მხოლოდ წვენს და თაფლიან წყალს იღებს.
„თუ ადამიანი იღებს ჩაის, თაფლს, წვენებს, მაგრამ არ იღებს მყარ საკვებს, მაშინ უნდა გვესმოდეს, რომ წვენებსა და თაფლს აქვთ საკუთარი კალორია, მაგრამ ჩაისა და წყალს არ აქვთ, ისინი არ ითვლება საკვებად. როდესაც ადამიანი იღებს წვენებს, თაფლს, გამოდის, რომ ორგანიზმი იღებს რაღაც კალორიებს და ჩვენ საქმე გვაქვს არა სრულ შიმშილობასთან, არამედ ნაწილობრივთან. ასეთ პირობებში ორგანიზმის განადგურება გაცილებით ნელა მიმდინარეობს. მაგრამ ორგანიზმი მაინც დიდხანს ვერ გაძლებს მხოლოდ თაფლსა და წვენებზე“, - განაცხადა ზერეკიძემ.
თუ ასეთ პირობებში შიმშილობა არ შეწყვიტე, შედეგი სამწუხარო იქნება, აღნიშნა მან. ამავდროულად, ენდოკრინოლოგის აზრით, ზოგადად შიმშილი ორგანიზმზე უარყოფითად მოქმედებს.
„როდესაც საქმე ეხება კალორიების იძულებით შეზღუდვას და ადამიანი იკვებება არასრულფასოვნად, გარკვეული პერიოდის შემდეგ - ერთ ან ორ კვირაში - ჩნდება სხვადასხვა ცვლილებები: ანემია, იმუნიტეტის დაქვეითება, იზრდება ინფექციური დაავადებების რისკი და საბოლოოდ ორგანიზმი ადვილად ავადდება. შიმშილობამ და კალორიების დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გართულებები“,- აღნიშნა ზერეკიძემ.
ენდოკრინოლოგმა განმარტა, რომ დეჰიდრატაციის გამო ორგანიზმს შეიძლება რამდენიმე დღეში სიკვდილი ემუქრებოდეს, მაგრამ შიმშილობის მაქსიმალური პერიოდი დამოკიდებულია ორგანიზმზე და შემოიფარგლება 40 დღით.
შიმშილობის მე-15 დღე: ექიმები სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ
„ზოგადად, ძალიან რთულია იმის თქმა, რამდენ ხანს გაძლებს ადამიანი შიმშილის დროს, რადგან ეს უკავშირდება მრავალ ფაქტორს და არის ძალიან ინდივიდუალური საკითხი. მნიშვნელოვანია ადამიანის ასაკი, მისი ჯანმრთელობა, ის, თუ როგორ დაიწყო შიმშილობის პერიოდი. ეს შეიძლება გაგრძელდეს მაქსიმუმ 40 დღემდე”, - განაცხადა მან.
ზერეკიძემ ასევე განმარტა, რა ემართება ადამიანს შიმშილობის დროს.
„შიმშილობის დროს ორგანიზმი იწყებს გლუკოზის დახარჯვას, შემდეგ ის გადადის ცხიმების წვაზე. ცხიმოვანი ქსოვილების მარაგის სრულად ამოწურვის შემდეგ ორგანიზმი იწყებს ენერგიის გამომუშავებას ცილების ხარჯზე, ანუ ის უკვე იყენებს ენერგიას კუნთებიდან და გამოდის, რომ ორგანიზმი ანადგურებს თავის თავს იმისთვის, რომ ენერგიის წყარო იპოვოს. შემდგომში ხდება მეტაბოლიზმის, სხეულის ტემპერატურის, თირკმლის ფუნქციის დარღვევა, ქვეითდება იმუნური სისტემა, პაციენტს უჭირს კონცენტრირება, დარღვეულია სხვადასხვა ორგანოებისა და ქსოვილების ფუნქცია, შეიძლება განვითარდეს ჰალუცინაციები, გულის არითმია, და საბოლოოდ შესაძლოა სიკვდილიც დადგეს", - განმარტა ექიმმა.
სააკაშვილის ადვოკატს ექს-პრეზიდენტის შეწყალების იმედი აქვს
სააკაშვილის პირადი ექიმის ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, ექსპრეზიდენტს ძლიერი ორგანიზმი აქვს. თუმცა, ის კვლავ ექიმის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ იქნება. ამისათვის საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ შექმნა სპეციალური ჯგუფი, რომელიც სამშაბათს აიღებს ანალიზებს და ექსპრეზიდენტის მდგომარეობის მონიტორინგს დაიწყებს.
თავად სააკაშვილმა ექიმების ჩართვაზე თანხმობა თქვა, მაგრამ შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს.
სააკაშვილის წინააღმდეგ, რომელიც სამშობლოში არალეგალურად სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა, საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
ექს-პრეზიდენტს დაუსწრებლად განაჩენი გამოტანილი აქვს ორ საქმეზე – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა ამნისტიის და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. გარდა ამისა, სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის", 7 ნოემბრის დარბევის, პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და ბიუჯეტის თანხების გაფლანგვაში. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლო განხილვები მიმდინარეობს.
თავად სააკაშვილი საკუთარ თავს პოლიტპატიმარს უწოდებს.