არჩევნები 2021

დღეს ადგილობრივი არჩევნების საბოლოო შედეგები შეჯამდება

დღეს ცესკო საბოლოოდ განსაზღვრავს, სად ჩატარდება 30 ოქტომბერს არჩევნების მეორე ტური
Sputnik
თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. საოლქო საარჩევნო კომისიები დღეს ადგილობრივი არჩევნების შედეგებს შეაჯამებენ, ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა.
თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2 ოქტომბერს ჩატარდა. მოსახლეობამ 64 მუნიციპალიტეტის მერობისა და საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატებს მისცა ხმა.
საქართველოს კანონმდებლობით, 63 ქალაქსა და მუნიციპალიტეტში არჩევნების შედეგებს აჯამებენ საოლქო კომისიები, თბილისში - ცესკო. ამასთან, დღესვე ცესკო საბოლოოდ განსაზღვრავს, სად გაიმართება 30 ოქტომბერს არჩევნების მეორე ტური.
როგორც პრესსპიკერმა განმარტა, ამ დროისთვის საოლქო საარჩევნო კომისიებში პარტიული დამკვირვებლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარდგენილი საჩივრების განხილვა ყველა ინსტანციაში დასრულდა.
„მივმართავთ საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, მედიას, ხელი შეუწყონ ამ პროცესის კონსტრუქციულ და მშვიდ გარემოში წარმართვას“, - განაცხადა იოსელიანმა.
საარჩევნო კომისიებში ხმების დათვლის პროცედურასთან და თავად კენჭისყრის პროცესთან დაკავშირებით პარტიებისა და დამკვირვებლებისგან სულ 1702 საჩივარი შევიდა.
ამასთან 852 საჩივარი ეხებოდა საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის ბათილობა/გადათვლის მოთხოვნას, ხოლო დანარჩენი - უმეტესწილად დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას და პროცედურულ ხარვეზებზე შესაბამისი რეაგირების მოთხოვნას.