თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მერების და მაჟორიტარი დეპუტატების არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს დანიშნა.
ამის შესახებ დადგენილება ერთხმად მიიღეს შაბათს გამართულ სხდომაზე.
მერების არჩევნების მეორე ტური 20 ქალაქსა და მუნიციპალიტეტში შედგება.
რაც შეეხება საკრებულოში მაჟორიტარი დეპუტატების არჩევნების მეორე ტურებს, ისინი 42 ოლქში გაიმართება.
ამასთან, ხუთ მუნიციპალიტეტში - ქარელში, ონში, სენაკში, ხელვაჩაურში, ხულოში ამომრჩევლები ერთბაშად ორ დეპუტატს აირჩევენ, მარტვილში - სამს, ოზურგეთში - ოთხს, წალენჯიხასა და ჩხოროწყუში - ხუთს, დანარჩენ 33 მუნიციპალიტეტსა და ქალაში მეორე ტური მხოლოდ თითო ოლქში გაიმართება.
თბილისში მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური მხოლოდ საბურთალოზე გაიმართება.
მეორე ტურში გამსვლელი ბარიერი არ იქნება.
მეორე ტურის შემდეგ ცესკო შეაჯამებს საბოლოო შედეგებს და თითოეულ საკრებულოში ადგილებს პარტიებსა და მაჟორიტარებს შორის გაანაწილებს.