თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, იმ სახლის ეზოში, სადაც სადარბაზო ჩამოინგრა, გაიხსნება მემორიალი, რომელზეც ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა სახელები ამოიტვიფრება, განუცხადა ჟურნალისტებს დეკანოზმა შიო პაიჭაძემ.
პარასკევს, 8 ოქტომბერს 26 მაისის ქუჩაზე შვიდსართულიანი საცხოვრებელი სახლის სადარბაზო ჩამოინგრა. ნანგრევებში 11 ადამიანი მოყვა, მხოლოდ ორი ადამიანის გადარჩენა მოხერხდა. დაიღუპა ცხრა ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი.
დეკანოზის თქმით, სასულიერო პირები ყოველ შაბათს ტრაგედიის ადგილას დაღუპულთა სულების მოსახსენიებელ პანაშვიდს გადაიხდიან.
ბათუმის მერიის გადაწყვეტილებით, სახლს, რომლის სადარბაზოც ჩამოინგრა, მთლიანად დაანგრევენ, მის ადგილზე კი ახალი სახლი აშენდება. ექსპერტები მსჯელობენ მომიჯნავე სახლის ბედზეც. მისი ყველა მცხოვრები ევაკუირებულია. სახიფათო შენობებში შესვლა აკრძალულია.